ბათუმის დელფინარიუმში უკვე მესამე დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში უკვე მესამე დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ამის შესახებ დელფინარიუმის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" იტყობინება.

"ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად "ციცის" ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა.

გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის ("კაკოს") შუაში (ესკორტის მსგავსად) სინქრონულად დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. "ციცი" მზრუნველი დედაა. მთელ დროს პატარას მოვლას უთმობს, თუმცა დროდადრო ახალშობილს იმავე აუზის ბინადარი, "მაია" ზრუნავს. ის აქტიურად ეხმარება "ციცის" შვილის მოვლა-პატრონობაში.

ეს სასიხარულო ამბავი 2014 წლის 13 აპრილს მოხდა, ამიტომაც დელფინარიუმებისა და ზოოპარკების მუშაობის საერთაშორისო ნორმებისა და წესების თანახმად ოფიციალური განცხადების გაკეთების უფლება ადმინისტრაციას მხოლოდ დაბადებიდან 10 დღის შემდეგ ეძლევა.

პატარა დელფინის დაბადებამდე და განსაკუთრებით შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები უკვე 15 დღეა რაც საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო ცვლილებებია ასევე შოუს ქრონომეტრაჟშიც და თავად პროგრამაშიც. თუმცა პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მესამედ დაფიქსირდა. ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის "წითელ ნუსხაში" (IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში", - აღნიშნულია "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს