ძლიერი ქარის გამო, აჭარის ზღვისპირა ზოლში პრობლემები შეიქმნა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, გასულ ღამეს ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელმა უეცრად მოვარდნილმა ქარმა პრობლემები გამოიწვია გონიოში, ბათუმში აეროპორტის დასახლებაში, ხელვაჩაურში, ურეხში, ახალშენსა და ქობულეთში.
მისივე ინფორმაციით, 25 სახლს გადახდილი აქვს სახურავი. ყველაზე დიდი ზიანი ბათუმში მდებარე სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობას მიადგა, რომელსაც ქარმა 3000 კვ.მ.- ზე ახლად გაკეთებული სახურავი გადახადა.
გარდა ამისა, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილს სახურავის ნაწილი დაეცა. ასევე დაზიანდა ზღვისპირა ზოლში ორი საგუშაგო, რომელიც შეკეთებას ექვემდებარება.
მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, დღეს 09:00 საათიდან მიმდინარეობს სახურავებზე დაცემული ხეების დახერხვა.