ყოფილმა პოლიტპატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გამსახურდია "ფეისუქის" პირად გვერდზე წერს.
"ჩემო კარგებო, დიდხანს და ბევრი ვიფიქრე... დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით გამიჭირდა მალე ცალსახა გადაწყვეტილების გამოტანა. მაინც გადავწყვიტე, უარი ვთქვა შემოთავაზებაზე და არ მივიღო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ადვილი არ იყო: ჩემთვის სასწორის ერთ მხარეს იყო შესაძლებლობა მეტი გამეკეთებინა ქალაქისა და ადამიანებისათვის, მეორე მხარეს კი მსოფლმხედველობრივი სირთულე. დღემდე ვახერხებდი პოლიტიკაში ვყოფილიყავი პოლიტიკოსობის გარეშე . მოგეხსენებათ, არც ფორმალურ რეგალიებს ჰქონიათ ჩემთვის მნიშვნელობა ოდესმე... მთელი შეგნებული ცხოვრებაა მარტო ვარ. არავის ჰქონია ჩემზე ეგზომი გავლენა, რომ უსიტყვოდ დამეჯერებინა მისთვის. ერთი მხრივ ეს საკმაოდ ცუდი და მძიმე იყო - ჩემთვის; მაგრამ მეორეს მხრივ, ამ ცხოვრების ავ-კარგი მე თვითონ ვისწავლე... ისიც ყოფილა, რომ и один в поле войн... ყველასგან მიტოვებულიც ვახერხებდი საქმის კეთებას და ადამიანად დარჩენას. და სწორედ იგივეს გავაგრძელებ დღესაც: რადგან კარგად ვხედავ, რომ დღესაც ჩვენი ქვეყანა მძიმე დღეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ იმ იმედების მცირე ნაწილი გაამართლა, ვიდრე ველოდით. და თუ ტენდენციებს დავაკვირდებით, ჩვენი ინდიფერენტულობა გაცილებით მეტად გაუარესების საშუალებას და სტიმულს მისცემს მათ (მიშაც "კაი ბიჭი" იყო, თუ უკვე არ დაგავიწყდათ) ...ასეა. ოფლითა შენითა მოიპოვე პური... არა, თავისუფლებაც შენი!
ვფიქრობ, ინდივიდუალურად მეტად შევძლებ აზროვნების თავისუფლების შენარჩუნებას და ვეცდები ვთქვა ყოველთვის სიმართლე, "დაინტერესების გარეშე"... თქვენთვისაც ასე აჯობებს, ვისაც დღემდე გჯეროდათ ჩემი ნათქვამის თუ დაწერილის.
დასასრულ მინდა მადლობა გადავუხადო პატრიოტთა ალიანსს და წარმატება ვუსურვო მომავალ არჩევნებში. იმედია, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ...
მადლობა ყურადღებისათვის", - წერს გამსახურდია.
როგორც რამდენიმე დღის წინ გამსახურდია სოციალურ ქსელში იტყობინებოდა, "პატრიოტთა ალიანსმა" - დავით თარხან-მოურავმა და სოსო მანჯავიძემ მას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.