"ასე იქმნება პოლიტიკური მითები" - დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია "იმედს" აკრიტიკებს

"ასე იქმნება პოლიტიკური მითები" - დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია "იმედს" აკრიტიკებს

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ტელეიმედს" პოლიტიკური მითების შექმნაში ადანაშაულებს.

"ტელეკომპანია "იმედს" ჰქონდა ასეთი ინტერაქტივი: "უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში?" და ამ კითხვაზე "დიახ" უპასუხა ოთხმოცდაათმა პროცენტმა.

ამის თობაზე მინდა ცოტა ვრცლად შევჩერდე.

საერთოდ, როდესაც ტელევიზია ატარებს ინტერაქტივს, კარგი იქნება კითხვის შერჩევისას ვინმე კვალიფიციურ სოციოლოგს მაინც დაეკითხონ ხოლმე რაღაცას. მე ჭკუას არავის არ ვასწავლი, მაგრამ თუმცა კი დილეტანტი ვარ ამ სფეროში, იმდენი მაინც ვიცი, რომ გამოკითხვის დროს თუ გინდა ზუსტი სურათი მიიღო, შეკითხვა არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტირების საშუალებას. თუ კითხვა არის ძალიან ზოგადი და არ შეიცავს ცალსახად დაფიქსირებულ კონკრეტიკას, ადამიანები ჩვეულებრივ იმ კითხვას კი არ უპასუხებენ, რაც დასმულია, არამედ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ იმ ფაქტის, მოვლენისა თუ პროცესის მიმართ, რაც, მათი აზრით იგულისხმება ამ კითხვაში.

უფრო გასაგები რომ იყოს რასაც ვამბობ, მოვიყვან მაგალითს: ვთქვათ დავსვით ასეთი კითხვა: "უნდა იყოს თუ არა ყველა ადამიანი თანასწორი კანონის წინაშე, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა?" აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ "დიახ". მაგრამ თუ კითხვას დასვამ ასე: "უნდა ენიჭებოდეს თუ არა პრიორიტეტი საქართველოს კანონმდებლობაში მართლმადიდებლებს იეღოვას მოწმეებთან შედარებით?" ასევე ძალიან ბევრი, ვინც წინა კითხვას დადებითად უპასუხა, აქაც იტყვის "დიახ" და ოდნავადაც არ ექნება იმის განცდა, რომ უარყოფს თავისივე ნათქვამს.

ამ შემთხვევაში რეალურ დამოკიდებულებას ასახავს პასუხი მეორე კითხვაზე და არა პირველზე. მეორე კითხვა შეიცავს კონკრეტიკას და არ უტოვებს მოპასუხეს ინტერპრეტირების საშუალებას, პირველი კი ძალიან ზოგადია და მოპასუხეს უბრალოდ არ მოუნდება უთანასწორობის მომხრე გამოვიდეს. ამ დროს მას "იაღოვლები" და სექტანტები შეიძლება არც გაახსენდეს.

ჰოდა, რისი თქმა მინდა: როდესაც სატელევიზიო ინტერაქტივით იკითხავ, უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაშიო, რა თქმა უნდა, ოთხმოცდაათი პროცენტი იტყვის "დიახ." რატომ? იმიტომ, რომ ერთის მხრივ ხალხში არის ნეგატიური დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ, და მეორეს მხრივ არის ზოგადად დადებითი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ანუ, მაყურებელთა უდიდესი ნაწილი ჩათვლის, რომ კარგია, თუკი კარგი ინსტიტუცია ჩაერევა იმ საქმეში, სადაც ყველაფერი კარგად არ არის.

მაგრამ ეს კითხვა რომ დასმულიყო მაგალითად ასე: "ფიქრობთ თუ არა, რომ საპატრიარქოს თანხმობის გარეშე პარლამენტი არ უნდა იღებდეს კანონს?" დარწმუნებული ვარ, სულ სხვა სურათი იქნებოდა და გაცილებით ზუსტად აისახებოდა მაყურებლის რეალური დამოკიდებულებაც იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ.

ბოდიშს ვიხდი ამ გრძელი და მოსაწყენი სტატუსისთვის, მაგრამ ვფიქრობ არაა ეს მეორერისხოვანი ამბავი, რადგან ასე იქმნება პოლიტიკური მითები", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს