28 წლის გიორგი ბეჟანიშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. 2014 წლის 14 მარტს მას და მის მეუღლეს მეორე შვილი, შოთა ბეჟანიშვილი შეეძინათ. გიორგი ამბობს, რომ გარკვეული პირობებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, დეკრეტული შვებულებით მამას ესარგებლა.
"მე და ჩემს მეუღლეს შეგვეძინა მეორე შვილი, შოთა - იაკობი ბეჟანიშვილი. ჩემი მეუღლეც მუშაობს და მეც, გვყვავს კიდევ უფროსი გოგო. ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დეკრეტული შვებულება ამეღო მე იმიტომ, რომ მეუღლეს დავხმარებოდი. ძალიან გადატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს და ერთდროულად ორი ბავშვის მოვლა, თან პატარას მოვლა, ძალიან რთულია", – უთხრა გიორგიმ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
გიორგიმ განცხადებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიმართა.
"ხელმძღვანელში ამას განცვიფრება არ გამოუწვევია, არც კითხვის ნიშნები. გაკვირვება გამოიწვია თანამშრომლებში, მაგრამ ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის გაუკვირდებოდა და ვის არ გაუკვირდებოდა. ჩემთვის მთავარი იყო, დავხმარებოდი ჩემს მეუღლეს და მთავარია, მონაწილეობას ვიღებ ჩემი შვილის გაზრდაში", – ამბობს გიორგი.
მისივე თქმით, თავიდან, როცა გადაწყვიტა, რომ დეკრეტული შვებულებით ესარგებლა, კონსულტაციისთვის თელავში მოქმედ იურისტებს მიმართა.
"რამდენიმე იურისტმა მიპასუხა, რომ ეს იყო შეუძლებელი. მითხრეს, კანონში წერია, რომ შვებულების მიღება შესაძლებელია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შემთხვევაში. რადგან მე ვიყავი მამა, არ მეხებოდა ორსულობა და მშობიარობა. ამ დროს, კანონში ნათლად წერია და იქ გამოყოფილია, რომ ბავშვის მოვლის გამოც შესაძლებელია ამ შვებულებით სარგებლობა", – აღნიშნავს გიორგი.