"დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ" - ნათია ფანჯიკიძე მიხაილოვის საავადმყოფოს "გაჩუქების" შესახებ

"დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ" - ნათია ფანჯიკიძე მიხაილოვის საავადმყოფოს "გაჩუქების" შესახებ

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საპატრიარქოსთვის მიხაილოვის საავადმყოფოს გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ჩემი მეგობრების იმ ნაწილს გწერთ, ვისაც მსგავსი საკითხები ედარდება: გავრცელდა ინფორმაცია (რომელსაც მეც წამოვეგე, მიუხედავად ზოგიერთი პრესის ხრიკების საკუთარ ოჯახზე და თავზე გამოცდილებისა), რომ მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა გადაეცა საპატრიარქოს საჩუქრად. ამ დეზინფორმაციამ გამოიწვია ორი მიმართულებით უსიამოვნო გრძნობა, ერთი ის, რომ საჩუქრად გადაცემული არასასაჩუქრე შენობები საჩუქრის მიმღების მიმართ აჩენს ბრაზს და დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ, მეორე მხრივ მთავრობის მიმართ. მეც ვთქვი, რომ სამწუხაროა-მეთქი თუ არც ამ მთავრობას არ ესმის ქალაქის ისტორიის შექმნის მნიშვნელოვნება და ის, რომ ქალაქში არსებული ტრადიციული ადგილები, არქიტექტურული ძეგლები, ინსტიტუტები ანელებს დროის წარმავალობის განცდას და ქმნის ქალაქის მარადიულობის გრძნობას, - ქალაქი არის სახლი, სადაც ბრუნდები და რაღაცეები უცვლელი უნდა დაგხვდეს.

მოკლედ, გავიკითხე ამბავი და სინამდვილე არის ასეთი: საპატრიარქოს გადაეცა მიხაილოვის ტერიტორიაზე მდებარე პატარა, განაპირა შენობა, რომელიც საკურთხეველზეა მიდგმული და ისედაც ამ შენობის დიდ ნაწილს დიდი ხანია იყენებს საპატრიარქო კეთილ საქმეში - ყოველდღე აქ სადილობს 130-მდე მოხუცი ადამიანი. თვითონ საავადმყოფოს შენობა კი საპრივატიზაციოდ არის გამზადებული და უნარჩუნდება ძეგლის სტატუსი. ერთადერთი რაც არ მომწონს, შენობას სასტუმროდ მოიაზრებენ.

ჩემი, როგორც დაბადებიდან და ალბათ დაბადებამდეც ამ ქალაქზე შეყვარებულის აზრია, რომ ეს შენობა ფუნქციურად მხოლოდ საავადმყოფოდ უნდა დარჩეს და ისევ მიხაილოვი უნდა ერქვას. ისევე, როგორც ასათიანზე (იქ შენობა არაფერი, ინსტიტუტი იყო ტრადიცია და თან ქალაქის ცენტრში სულიერი პრობლემების მქონე ადამიანების ყოფნა მნიშვნელოვანი მგონია. მე თვითონ ვაჟა კენჭაძის კოლექციიდან ნაჩუქარი 1935 წელს ასათიანის ხელმოწერილი გაყვითლებული ქაღალდი ჩარჩოში მაქვს ჩასმული და კედელზე მიკიდია) უნდა დარჩენილიყო სიმბოლურად, პატარა კლინიკა მაინც. იმიტომ რომ ეს ქართული ფსიქიატრიის სკოლის ისტორია და ფასეულობაა.

პრესას კი ვთხოვ, ამდენს ნუ გვაწამებს და შერლოკ ჰოლმსებად ნუ გვაქცია სიმართლის დასაზუსტებლად. ქვეყანაში უნდობლობის ვირუსის გავრცელების უდიდესი წილი მედიაზე მოდის. რა მოხდება, რომ ყველამ თავის პროფესიას, ანუ საკუთარ თავს სცეს პატივი, ცხოვრება ბევრად იოლი გახდება მაშინ", - წერს ფანჯიკიძე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დავით აღმაშენებლის №60-ში მდებარე 472 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, საპატრიარქოს აღნიშნული შენობა-ნაგებობა გარკვეული საპრივატიზაციო პირობით გადაეცა. კერძოდ, არა უგვიანეს 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უნდა გაფორმდეს ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს