შეიძლება თუ არა, თავი დავანებოთ მოწევას?
სიგარეტზე დამოკიდებულება ინდივიდუალურია და არსებობს მწეველთა რამდენიმე ტიპი. შესაბამისად, არსებობს ამ მავნე ჩვევისგან გასათავისუფლებელი სხვადასხვა მეთოდები, და არსებობს ორი მთავარი პარადოქსი:
არც ერთი მეთოდი არ გამოდგება, თუ ადამიანმა თვითონ არ მოისურვა მოწევისთვის თავის დანებებაო, ირწმუნებიან სპეციალისტები. არამწეველები თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, მავნე ჩვევის ტყვეები კი ღიზიანდებიან და ამბობენ: "დიახ, გვინდა! გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია!" ისინი არ ცრუობენ - სიგარეტის მიტოვება ნამდვილად სურთ.
მოტივაციის უქონლობა შეიძლება ვუსაყვედუროთ მხოლოდ მოზარდებს, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს მოწევა. სიგარეტის ტყვეს კარგად ესმის, რამდენად ბრიყვული, უგუნური და საზიანოა მისი საქციელი, მაგრამ ვერ ეშვება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნარკოლოგები ამტკიცებენ, თამბაქო იწვევს უფრო სუსტ ფიზიკურ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ასეთია პირველი პარადოქსი.
არსებობს თამბაქოს ტყვეობიდან თავის დასაღწევი უამრავი საშუალება, მაგრამ ძირითადია სამი მიმართულება: ფსიქოთერაპია, რეფლექსოთერაპია და მედიკამენტური თერაპია. მათი ერთმანეთთან შედარება და ყველაზე ეფექტურის გამოყოფა შეუძლებელია. არც მეცნიერები ცდილობენ ამის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სიგარეტისადმი დამოკიდებულება ინდივიდუალური ხასიათისაა. მეთოდი, რომელიც გამოადგება ერთს, სრულიად გამოუსადეგარია მეორისთვის.