ელიზბარ დიაკონიძე 17 მაისის აქციის სამოქმედო გეგმაზე - ვინ ჩაივლის რუსთაველზე და ვინ ივლის "ტუპიკებით"

ელიზბარ დიაკონიძე 17 მაისის აქციის სამოქმედო გეგმაზე - ვინ ჩაივლის რუსთაველზე და ვინ ივლის "ტუპიკებით"

17 მაისს, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს. თუ რა არის დაგეგმილი ამ დღეს, ამის შესახებ "ალიას" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრება:

- ჩვენი შესაკრები ადგილია პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია, კიბეებთან, დღის პირველ საათზე. იქ შევიკრიბებით და ვდგამთ კარვებს და, ვინც ჩამოგვივლის და შემოგვიერთდება, მივიღებთ. ეს ხალხი იქნება ქართული სულისა და ქართველობის გადარჩენის მომხრე, მოაწერს ხელს პეტიციას, რომელიც მერე გაეგზავნება პარლამენტს, რომ ერისა და ბერის მოთხოვნით, ეს კანონი ან სრულიად გაუქმდეს, ან ამ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას ცნებები, რომელიც სჯულის კანონის მომხრე ბიბლიურ დამოკიდებულებას მსოფლიო მასშტაბით ეწინააღმდეგება.

- "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა"?

- დიახ, ჩემო ბატონო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კანონის მიხედვით, ამაზე ხელისმომწერნი სულიწმიდას გმობენ, მაგრამ სულიწმიდის მგმობელობა სამუდამოდ ისჯება ღვთისგან, სულიწმიდის მგმობელს წესი არ აეგება! ქრისტე ამბობს, მე რომ დამგმონ და შეინანოს, მიიღებს მამაჩემი, მამაჩემი რომ დაგმოს, ამასაც მიიღებს მამა, მაგრამ (ყვირის) სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება არაფერი! ეს არის ყველაფერი!

- რომელი ეპარქიებიდან ელოდებით მრევლს?

- იმ ეპარქიებიდან, სადაც მართლმადიდებლობა და ქართველობა უპირველესია. ჩემდა საუბედუროდ, ასეთი სამი-ოთხი ეპარქიაა. ეპარქიას ვგულისხმობ, თორემ ხალხი შეიძლება, იმ ეპარქიიდან მოვიდეს, ვისი წინამძღოლიც ამ კანონს ეთანხმება.

- და რომელი ეპარქიის ეპისკოპოსია ამ კანონის მომხრე?

- ეგ წინასწარ არ ვიცით, ეგ გამოჩნდება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყდა სინოდის კრებაზე, ამიტომ ხალხს ველოდებით იმ ძირითადი სამი ეპარქიიდან.

- და ამ ეპარქიებს მაინც ჩამომითვლით?

- ეს გახლავთ რუის-ურბნისი, ეს გახლავთ ბოლნისი და სვანეთი. ზუსტად ვიცით, რომ ისინი დაიძვრებიან და ჩვენთან მოვლენ.

- კი, ბატონო, მოვლენ და პეტიციაზე ხელს მოაწერენ და შემდეგ?

- მერე გამოვაცხადებთ, რაც გვინდა და როგორც გვინდა, და მერე დავიძვრებით სამებისკენ. მაგრამ მანამდე აუცილებლად ვიტყვით, რომ მარტო ეს კანონი კი არა, მსგავსი აზროვნება უნდა ამოიშანთოს პარლამენტის მხრიდან.

- თქვენ ერთ-ერთმა პირველმა მომაწოდეთ ინფორმაცია, რომ "ელგებეტეს" ჭირისუფლებისთვის კინოთეატრ რუსთაველში 17 მაისს უნდა შემდგარიყო ახალი ქართული ფილმის პრეზენტაცია, სადაც აღწერილი იყო ერთსქესიანთა სიყვარულის ამბავი საქართველოში. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ამ ფილმის ჩვენება ვერ გაბედეს და დროებით გადავიფიქრეთო, განაცხადეს. თქვენთვის ხომ არაა ცნობილი, სხვაგან ხომ არ უშვებენ? სხვა კინოთეატრში, ანდა სხვა ქალაქში?

- თავიანთ ოჯახებში გაუშვან ამ "ასთორმეტირებულებმა" ეგ ფილმი! მე არ მაქვს პრობლემა!

- "ლგბტ"-ზე რამე ხომ არ გაგიგიათ, ეგენი სადმე ხომ არ იკრიბებიან? კი, თქვეს, შეკრებებისგან თავს შევიკავებთო, მაგრამ ხომ არ გადაიფიქრეს?

- არაფერი გამიგია, ამ დღეებში ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, უფრო სწორად, სულ ვარ ამით დაინტერესებული, ახლა უბრალოდ ინფორმაციები არ მომიძიებია. პარასკევს საღამოს ზუსტად მეცოდინება ყველაფერი, თუ ატარებენ, და სად და ვინ გამოდის. მე, პირადად, მივდივარ შაბათს პირველ საათზე იმ აქციაზე, სადაც გუჯა ბურდული მობრძანდება, სადაც აკადემიკოსი ლევან ფრუიძე მობრძანდება, სადაც ომარ მხეიძე და სადაც ლევან ვასაძე მობრძანდება აუცილებლად, სადაც (ხმას უწევს) ქართული გენი და მისი სიდიადე მობრძანდება და აი, იმ აქციაზე მივდივარ! "ლგბტ" სად იქნება, ღმერთო დამიფარე, აგერ პირჯვარს ვიწერ, მაგათ შეკრებაზე დასწრებისგან.

- რა, ვერ გაბედავენ გამოსვლას?

- ეს ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველზე ვერ გამოვლენ და, თუ "ტუპიკებით" ივლიან, ეგ არ ვიცი.

(იბეჭდება ინტერვიუს შემოკლებული ვერსია)

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ასევე დაგაინტერესებთ: "იდენტობის" საგანგებო ინსტრუქტაჟი LGBT პირებს 17 მაისთან დაკავშირებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია