პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა პრინცმა ჩარლზმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

პრინცმა სკანდალური განცხადება კანადაში გააკეთა. როგორც დასავლურ გამოცემებში წერენ, ჩარლზის განცხადება შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. პრინცი ჩარლზი კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსის მუზეუმს (Canadian Museum of Immigration) სტუმრობდა. მან პუტინი ჰიტლერს მას შემდეგ შეადარა, როდესაც მუზეუმში ებრაელ ქალს შეხვდა, რომელმაც პრინცს მოუყვა, თუ როგორ ემსხვერპლა მისი უამრავი ნათესავი ჰოლოკოსტს.

მას მარიანა ფერგიუსონი გააცნეს - ის მუზეუმში მოხალისედ მუშაობს. მარიანა 13 წლის იყო, როდესაც თავის ებრაულ ოჯახთან ერთად კანადაში საცხოვრებლად გადავიდა. 78 წლის ქალბატონმა ჩარლზს განუცხადა, რომ პოლონეთში, ქალაქ გდანსკში დაიბადა. მას შემდეგ, რაც მარიანამ თავისი ტკივილიანი ცხოვრების შესახებ მოუყვა, პრინცმა ჩარლზმა განუცხადა, რომ უკრაინაში პუტინი სწორედ ისევე იქცევა, როგორც ადოლფ ჰიტლერი.

"გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ საშუალება მომეცა, საკუთარი ოჯახის წარსულის შესახებ რამდენიმე სიტყვა მეთქვა. ისიც ვუთხარი, როგორ შევძელით კანადაში ჩამოსვლა. ბოლოს პრინცმა მითხრა: "ახლა, პუტინი ისევე იქცევა, როგორც ჰიტლერი". სიმართლე გითხრათ, მისი კომენტარი ძალიან გამიკვირდა, რადგანაც სამეფო ოჯახის წევრები ასეთ განცხადებებს ხმამაღლა არ აკეთებენ, მაგრამ მის მოსაზრებას ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება. მან ეს ძალიან გულწრფელად თქვა", - ამბობს მარიანა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს