საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აქილიკებს.
"ეჰ ჩემო ჰაკიმ...
ჩვენც ასე ჩამოვაწიკწიკებდით ხოლმე დროშიანებს და ფორმიანებს.
ისეთ ტაშისკვრაში დავდიოდით, იმდენ საქებარს ვისმენდით, არც კი დაგესიზმრება.
თან, ჩვენ მართლა საქმეს ვაკეთებდით, უამრავი რამე შევქმენით, უპერსპექტივობა - სახელმწიფოდ ვაქციეთ. იმ სახელმწიფოდ, სადაც ახლა პრემიერმინისტრი გქვია.
ეგ ქალაქიც კი (ახალციხე), სადაც ამაყად მიაბიჯებ, ჩვენი შექმნილი "რაბათით" ამაყობს. მართალია "რაბათის ციხის" უშუალო შემქმნელი ციხეში ჩასვი, მაგრამ მისი გაკეთებულის მეათასედიც კი ვერ გააკეთე.
სამწუხაროდ, ვერც გააკეთებ. (ვანო მერაბიშვილის კომპლექსი შსს მინისტრობიდან დაგეწყო და მთელი ცხოვრება გაგყვება )
გახსოვს ოქტომბრის არჩევნების წინ, დინამოს სტადიონი რომ გადავავსეთ "ჩვენი მომხრეებით"
გიყურებ და მეღიმება...
მაინც რა უცნაურად იცის ხელისუფლებაში ყოფნამ - რეალობისგან მოწყვეტა... ვერც კი შეამჩნევ...
თითქოს გადაამოწმებ, თითქოს ათასგზის დარწმუნდები, მაგრამ "ერთ მშვენიერ მომენტში" აღმოაჩენ, რომ სადღაც მხარი გეცვალა. ან უფრო უარესი - მაგასაც კი ვერ აღმოაჩენ.
მიდი ჰაკიმ! მე როგორც პოლიტიკურ ოპონენტს წესით უნდა მიხაროდეს კიდეც ეგ უნიათო და მრავაჯერ გატკეპნილი ცამპა-ცუმპა", - წერს ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ახალციხეს ესტუმრა და კოალიცია "ქართული ოცნების" ამომრჩეველს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა.