ზურაბ ჭიაბერაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს - ჭიაბერაშვილი ინციდენტის დეტალებს ყვება

ზურაბ ჭიაბერაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს - ჭიაბერაშვილი ინციდენტის დეტალებს ყვება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ექიმებმა მას ნაკერები დაადეს. ამასთან, ჭიაბერაშვილმა მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ არც ერთ მათგანს პირადად არ იცნობს.

"მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც პირადად არ ვიცნობ და მათი თავდასხმის მოტივი, როდესაც ნოდარ ლადარიას ცხელი წყალი შეასხეს და შემდეგ ის ჭიქა რამდენჯერმე ჩამარტყეს თავში, ის იყო, რომ მათ არ მოწონთ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა. ეს კლიმატი ჩვენ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამკვიდრებულია. როდესაც ისინი პირდაპირ გეშავდნენ საზოგადოების ასეთ წევრებს საიმისოდ, რომ მათ ფიზიკური ანგარიშსწორება მოაწყონ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებზე", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ფაქტი პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტიც სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. ჭიაბერაშვილის თქმით, ის გიორგი მგელაძეს მხოლოდ ტელევიზიით იცნობს, ხოლო მეორე ადამიანის ვინაობა იქ შეიტყო, რომ ის რეზო თაბუკაშვილია.

"ისინი გავიდნენ კაფედან და მიიმალნენ. ვნახოთ, როგორ წარმართავს ამ საქმეს გამოძიება და რა სასჯელი შეეფარდებათ. ნამდვილად არ ვურჩევდი ხელისუფლებას, გააგრძელოს ერთი მხრივ, ასეთი ძალადობის წახალისება და მეორე მხრივ, საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინოს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე დატოვეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და ჭიაბერაშვილის ახლობლებმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი კი, სავარაუდოდ, ვაკის პოლიციაში ჩვენების მისაცემად წაიყვანეს.

ამავე თემაზე:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია