მექსიკაში პლანეტის ყველაზე მსუქანი ადამიანი, მანუელ ურიბე 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.
მაისის დასაწყისში მამაკაცი ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში სპეციალური ტექნიკის დახმარებით გადაიყვანეს.
მანუელმა წონაში მომატება 20 წლიდან დაიწყო. ის 1987 წელს აშშ-ში არალეგალურად ჩავიდა და კომპიუტერების შემკეთებლად მუშაობდა. "მე სამსახურში მანქანით მივდიოდი და უკანაც ასე ვბრუნდებოდი. მთელი დღე ვჭამდი და ამასთან, არ ვიყავი დაკავებული სპორტით", - განაცხადა მანუელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
2001 წლის შემდეგ, ანუ როდესაც მამაკაცის წონამ 587 კგ-ს მიაღწია, ის ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. 2006 წელს მისი წონა 590 კგ-ზე მეტი იყო, რის გამოც ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
მას ქირურგიულ ჩარევას ურჩევდნენ, თუმცა მანუელმა ოპერაციის გაკეთება ვერ გადაწყვიტა. ის ცილოვან დიეტას იცავდა და შედეგად 2008 წელს 381 კგ-ზე ჩამოვიდა. ამ დროს მამაკაცმა შეძლო დიდი ხნის შემდეგ საკუთარი ფეხით გამოსულიყო ქუჩაში.
2006 წელს მანუელმა კლაუდია გაიცნო, რომელიც მას თმების შესაჭრელად სტუმრობდა ხოლმე. კლაუდიას და მანუელის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 2008 წელს მამაკაცმა კლაუდიას ხელი სთხოვა. მიუხედავად კლაუდიას ოჯახის წინააღმდეგობისა, ის წინადადებას დათანხმდა და მათ იქორწინეს. ამ დროს მანუელი 330 კგ იყო, ხოლო კლაუდია 67.
დიეტისა და ვარჯიშის წყალობით მანუელმა შეძლო და 2011 წელს მისი წონა 187 კგ-ზე ჩამოვიდა, თუმცა გარდაცვალების მომენტში მისი წონა 394 კგ იყო.
ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანად საუდის არაბეთში მცხოვრები ჰალიდ ბინ მოჰსენ შაარი მიიჩნევა. ის 610 კგ-ს იწონის.