ქართული ინტერნეტსამყარო გლოვობს: "მერე რა რომ მოკვდნენ, მთავარია როგორ მოკვდნენ"

ქართული ინტერნეტსამყარო გლოვობს: "მერე რა რომ მოკვდნენ, მთავარია როგორ მოკვდნენ"

საკულტო ამერიკული სატელევიზიო შოუს, "სამეფო კარის თამაშების" მეოთხე სეზონის ბოლო ეპიზოდი, ისევე როგორც მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც რეზონანსული აღმოჩნდა. სერიალის ყველა მაყურებელი თავიდანვე შეგუებულია აზრს, რომ ჯორჯ მარტინს არავინ ენანება სასიკვდილოდ, და შესაბამისად, ნებისმიერ დროს სერიალის ნებისმიერი გმირი შეიძლება აღმოჩნდეს "სამეფო კარის თამაშებს" მიღმა. როგორც სატელევიზიო შოუს ერთ-ერთი ქართველი ფანი ხუმრობს, "მერე რა რომ მოკვდნენ, მთავარია, როგორ მოკვდნენ"...

ამჯერად ჯორჯ მარტინმა ნაწარმოების მეოთხე სეზონის ახალი პერსონაჟის, და სეზონის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი გმირის, პრინც ობერინ მარტელის გულშემატკივრებს დაწყვიტა გული; პრინცი "სამართლიანობის აღდგენას" შეეწირა...

შოუს ეთერში გასვლიდან სულ მცირე ხანში Facebook-ის ქართულ აუდიტორიაში გამოჩნდა გვერდი, სახელწოდებით "დავტირით უდროოდ დაღუპულ ობერინ მარტელს", რომელშიც გულშემატკივრები გარდაცვლილი გმირის ოჯახს "სამძიმარს უცხადებენ". თვალშისაცემია ქართველი ფანების იუმორი და სერიალის მიმართ მაღალი ინტერესი.

Facebook/ ფანკლუბი:

"სამძიმარს ვუცხადებთ სტარკების ოჯახის" შემქმნელები გულდათუთქულები ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ობერინ ლევინის ძე მარტელი.

სტარკები, ტაირელები, ამბერები, ტარგარიანები, ტალები და სრულად 7 სამეფოს დიდგვაროვნები თავიანთ გლეხებთან, მუშებთან, კარის მცველებთან, დამლაგებლებთან, ძიძებთან, სრულად მომსახურე პერსონალთან და რაინდებთან ერთად უერთდებიან სამძიმარს და უსაზღვრო გულისტკივილს გამოთქვამენ სრულად დორნის მზის უდროო ჩასვენებისდა გამო.

ყველანი, ვისაც გული შეგვტკივა, ვიკრიბებით blackwater - ის ყურესთან, საიდანაც გავა ობერინის ნეშტითა და სევდით დამძიმებული გემი ვესტეროსიდან დორნის მიმართულებით. პორტს ტაივინ ლანისტერის ბრძანებით გადაერქმევა სახელი და გარდაცვლილის საპატივცემულოდ დაერქმევა "Red Viper". გთხოვთ, იყოთ კორექტულები და სამძიმარზე მოსულებმა თვალების ამოთხრაზე ხუმრობები არ დაიწყოთ.

აქვე აღვნიშნავთ საყვედურს არაადამიანი ჯორჯ მარტინის მიმართ, რომელმაც მტრის ხატი გამოგვაცალა ხელიდან და ჩვენს ჯოფრისაც ნაადრევად დაუბნელა მზე. თუმცა, ვითვალისწინებთ რა სერ ობერინის დამოკიდებულებას ლანისტერების მიმართ აქცია სახელწოდებით "ახლა ვინ უნდა გვძულდეს - დაგვიბრუნე მტრის ხატი მარტინ!" გაიმართება პორტისგან ცოტა მოშორებით. შეგახსენებთ, რომ აქცია არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არ არის ორგანიზებული და ემსახურება საზოგადოებრივ მიზანს - გვინდა გვყავდეს მტრის ხატი რომელსაც ერთიანად შევიძულებთ (თუმცა ორგანოზატორები არ უარვყოფთ ჩვენს სიმპათიებს დაენერის ცეცხლადშობილი ტარგარიანის მიმართ.

პ.ს. გთხოვთ მოიწვიოთ მეგობრები და ამ მძიმე ჟამს მარტელების ოჯახი მარტო არ დავტოვოთ.

პ.ს.ს. დიდ ბოდიშს გიხდით ძალიან შეწუხებულები ვართ იმათ გამო ვინც ჩვენი ღონისძიებიდან გაიგეთ ეს ამბავი. რა ვქნათ გული ვერ ისვენებს. შეგახსენებთ, რომ მარტინი მაინც ყველას კლავს და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყავით "მერე რა რომ მოკვდნენ, მთავარია როგორ მოკვდნენ".

ასევე დაგაინტერესებთ: "სამეფო კარის თამაშების" მოტივებზე აგებული სექს-ინფოგრაფიკა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს