"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თავის თანამოაზრეებს ერთადერთ რჩევას აძლევს. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ჩიჩინი ჭრის და თანამოაზრეებს ერთადერთ რჩევას აძლევს, ესაუბრონ, ეკამათონ ხალხს და დაუმტკიცონ, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებით აღდგება ქვეყანაში ბალანსი და წინსვლა, - ამის შესახებ უგულავამ "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"პირველ ოქტომბერს ჩვენი პარტია მოყვა ავარიაში. ამ ავარიის შემდეგ ჩვენ ვიყავით საავადმყოფოში. სამწუხაროდ საავადმყოფოში ექიმი წამლის მაგივრად საწამლავს გვადებდა ჭრილობებზე, მაგრამ ხომ იცით, რომ რაც არ გკლავს, ყველაფერი გაძლიერებს. ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ საზოგადოებას ვანახეთ სასწაული იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პირველი პარტიაა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც შეძლო და შეცვალა ის მანკიერი თვისება, რომ ხელისუფლებიდან წასული ყველა პარტია უნდა გამქრალიყო. ამ არჩევნებზე ჩვენ გამოვდივართ საავადმყოფოდან და უკვე ჯანზე მოსულები ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მან ასევე თანამოაზრეებს და თანაპარტიელებს მოუწოდა არ დანებდნენ და არ დაყარონ ფარ-ხმალი. "მეგობრებო, ერთადერთი რჩევა მინდა მოგცეთ, მეტის უფლებას თავს არ მივცემ. ჩიჩინი ჭრის, ვესაუბროთ ხალხს, ვეკამათოთ და დავუმტკიცოთ, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებით შეიძლება აღდგეს ქვეყანაში ბალანსი, დაიწყოს განვითარება და წავიდეს წინ", - განაცხადა გიგი უგულავამ.