ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურის განვითარებაზე წერს.
"ვიყავი არჩევნებზე ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, N 26 საარჩევნო უბანზე, ასეთი არაორგანიზებულობა აქ შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა. თითქოს ვიღაცას აწყობდა, რომ დღეს არჩევნებზე ცოტა ხალხი მისულიყო... ძალიან დაბალი აქტივობა იყო და მაინც - რიგი შესასვლელთან, შეფერხება სიების დაზუსტებისას, ბიულეტენის გაცემისას...
იქ რომ მივდიოდი, ძველი ნაცნობი შემხვდა, ვის აძლევ ხმასო. ეგ ფირმის საიდუმლოა-მეთქი მე ნაციონალებსო. გავოცდი: ადრე საშინელი ანტინაცი და ოცნების აქტიური მხარდამჭერი იყო. რატომ-მეთქი? დათო ნარმანია არ არის ცუდი კაციო. ნაცები ვიცი, მაინც ვერ მოიგებენ და რაც მეტი წარმომადგენლობა ეყოლებათ, ამათ დასაბალანსებლად მით უკეთესია, თორემ ესენიც უკვე იმათ კვალზე მიდიან და ავტორიტარობენო...
გამოსვლისას შემხვდა მეორე, სულ არ მომწონს ოცნება, მაგრამ ხმას მაინც მათ ვაძლევ, ნაციონალები რომ არ მობრუნდენო.
რა უნდა გაუგოო ამ აბრაკადაბრას, იტყვი მკითხველო... აი, მე კი ფრიად კმაყოფილი წამოვედი: პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩემთვის მიუღებელია ერთსულოვნება, ერთი აზრი, ტოტალიტარული მიდგომა. ხომ ვნახეთ ბევრჯერ, რომ არ არსებობს რეცეპტი, ელექსირი. ყველაფერი უნდა გამოიცადოს, გამოიწრთოს, საკუთარ ტყავზე გადაიტანო და მხოლოდ მშობიარობის ტკივილების შემდეგ გახდება საუკეთესო "შენი". მრავალფეროვნება, ძიება, დისკუსია და თავისუფალი გარემო ამ ყველაფრისათვის - აი, გზა ჭეშმარიტებისაკენ!
(მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურად შინაგანი სამყაროს ტოტალური ერთიანობისკენ ვისწრაფი)
და ეს, უდავოდ, "ქართული ოცნების" დამსახურებაა...", - წერს გამსახურდია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევს. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებული და გამორჩეული იმით არის, რომ ასარჩევად გაცილებით მეტი მანდატი "თამაშდება", ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო.