"ევროპული ცხოვრება არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას" - ნათია ფანჯიკიძე

"ევროპული ცხოვრება არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ევროინტეგრაციისა და ინდივიდუალურობის შენარჩუნების საკითხს პოსტს უძღვნის. როგორც ფანჯიკიძე წერს, ამ პოსტის დაწერის მიზეზი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი მეგობრების მიერ გამოთქმული შიში გახდა.

"საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაც მუდმივად მტრისგან თავის დაცვა სჭირდებოდა, ბუნებრივად ჩამოუყალიბდა საფრთხის განცდა - რაღაცას გვართმევენ, ჩვენი გადაჯიშება უნდათ, ყველა უცხო ჩვენთვის საშიშია... ა.შ.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სოციალური ქსელის სტატუსებში ბევრგან შიშის აქტიურ, პანიკური გამოხატვის ტენდენციას გადავაწყდი, ზოგანაც შეფარულს, მოკლე და მსგავსი თვითშთაგონებითი ფორმულირებით - "მე ქართველი ვარ".

მეც ქართველი ვარ თხემით ტერფამდე და მართლაც არაფერია ჩემში არაქართული.

ევროპული ცხოვრების, განვითარების სტანდარტისკენ სწრაფვა არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას, არც არავის დაუკარგავს - ბერძენი არ გავს გერმანელს, იტალიელი არ გავს ფრანგს, ესტონელი არ გავს ესპანელს... პირად ცხოვრებაშიც ხომ უამრავი მეგობარი გვყავს და ყოველი მათგანი თავის თავს გავს, ჩვენ ჩვენს თავს. ზუსტად ასევე, როგორც ერი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქართველები ევროპაში, ჩვენი სახით, ჩვენი პორტრეტით.

სახე თუ გაქვს, ვერავინ ვერ წაგართმევს. ღირსება თუ გაქვს, ვერავინ გამოგტაცებს, რწმენა თუ გაქვს, ვერაფერი შეარყევს და თუ შენი ღირებულებითი აზროვნების, ინდივიდუალურობის ხარისხი მყარია, შიში სრულიად უსარგებლო და დაუსაბუთებელი გრძნობაა მაშინ.

ჭკვიანი კაცის (ერის) ხელში ერთით მეტი ღია კარი უზარმაზარ ასპარეზს ხსნის სამომავლოდ. უჭკუოდ გამოყენების შემთხვევაში ნაკლებ შესაძლებლობებს, მაგრამ მაინც ღია კარი ჯობს ცხვირთან მოხურულს.

ამიტომ მშვენიერი "თვითდამაგრების" სტატუსია "მე ქართველი ვარ", კიდევ უკეთესი იქნება არა ზედაპირზე დარჩენა ამ სიტყვების, არამედ დაფიქრება და დაზუსტება - მე ქართველი ვარ, რაც ნიშნავს რომ მე ვარ......", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსნებთ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში 27 ივნისს მოაწერა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს