სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის შესაძლო ამოქმედების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"რას ამბობთ???მართლა ხომ არ გადარეულხართ მანდ? მთელი ევროპა ლიბერალიზაციაზეა ორიენტირებული, თქვენ კი ნაც.ბანდის რეჟიმში აბრუნებთ ქვეყანას!!! მე და მილიონობით საქართველოს მოქალაქეებს ამისთვის არ გვიბრძოლია!!! რა უფლებით უმახინჯებთ ადამიანებს სიცოცხლეს??? ხელი არ წაგცდეთ, თორემ ამ სადიზმს არავინ გაპატიებთ!!! ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია!!!", - წერს მოროშკინა.
სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა, კვლავ ამოქმედდეს. შესაბამის კანონპროექტს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს.
"იუსტიციის სამინისტრო თავიდანვე იყო უპირობო შეკრებითობის პრინციპის არსებობის წინააღმდეგი, რაც შეიცვალა და დღეს აღარ მოქმედებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უნდა იყოს მხოლოდ შთანთქმის პრინციპი და რატომ არის მიზანშეწონილი როგორც შთანთქმის, ასევე ნაწილობრივი, ან სრულად შეკრებითობის პრინციპი რომ არსებობდეს - პირველი ეს არის პრაქტიკაში ნაჩვენები პრობლემები. ჩვენ უპირობო შეკრებითობის პრინციპს არ ვუბრუნდებით. უბრალოდ, მოსამართლეს საშუალება ექნება ორივე გამოიყენოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კანონის ფუძემდებლური პრინციპია, რომ მოხდეს სასჯელის ინდივიდუალიზაცია", - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.
სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი პარლამენტმა გასულ წელს გააუქმა.