რატომ იცავენ გიგი უგულავას უფრო როგორც მეგობარს, ვიდრე პოლიტიკურ ფიგურას? ამ კითხვას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პასუხობს.
"საერთოდ არ ვაპირებდი უგულავას თემაზე არაფრის თქმას და თავად მისი დაკავების ფაქტზე კომენტარს გავაკეთებ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ავღნიშნო.
რატომღაც უგულავას დამცველები ძირითადად აპელირებენ მეგობრობაზე.
2005 წლის შემოდგომამდე ვიყავი საქართველოს პარლამენტში ნაცმოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ასე თუ ისე, ვიცნობდი გუნდის ყველა ლიდერს, მათ შორის გიგი უგულავასაც, საკმაოდ კარგად.
ჰოდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს რომ გამოდიან და იძახიან, გიგი ჩემი მეგობარიაო, მაშინ საერთოდ არ იცნობდა მას. მერე რა ქნა ამ კაცმა ასეთი, რამდენ ვინმესთან მოასწრო დამეგობრება-დაძმაკაცება, ან როდის, აზრზე არა ვარ.
თუმცა, უფრო მგონია, რომ აქ სხვა ამბავია. კერძოდ, უგულავას კორუმპირებულობა იმდენად თვალშისაცემია (და არ დამიწყოს ახლა აქ ვინმემ, სახლში არ მიჰქონდა ფული, პარტიას ახმარდაო და ეგეთი სისულელეები. ჯერ ერთი რა მნიშვნელობა აქვს და მეორეც, თვითონაც არ იკლებდა კაი ცხოვრებას), იმდენად ბევრი ფაქტია ქალაქის მერიის საქმიანობაში კორუფციული გარიგებებისა, რომ გიგის, როგორც პოლიტიკური ფიგურის დაცვა უტყდებათ. ამიტომაც აწვებიან მეგობრობას და გაგებას...", - წერს ზურაბიშვილი.