12 წლის წინ პანკისის ხეობაში ალხანაშვილების გვარის წარმომადგენელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლის თამაზ იმედაშვილი მოკლა. მკვლელობის შემდეგ შემდეგ ორ გვარს შორის მტრობა დაიწყო. ასეთი შემთხვევები პანკისში იშვიათი გამონაკლისის გარდა, სისხლის აღებით მთავრდება. ორ გვარს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით, უხუცესებმა მრავალწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, დაზარალებულის ოჯახი სისხლის პატიებაზე დაიყოლიეს.
პანკისის ხეობა საქართველოში ქისტების (ვაინახების) კომპაქტურად დასახლებული ადგილია, სადაც სამართალწარმოება ძირითადად ტრადიციული სახალხო სასამართლოს იგივე "მეხქ ჴელ-ის" მიხედვით მიმდინარეობს. ტრადიციულ სასამართლოს დიდი ისტორია აქვს. უძველესი დროიდან მას უხუცესები უძღვებიან, რომლებიც ხალხში პატივისცემით სარგებლობენ და ადათ-წესებს იცავენ.
სისხლის პატიების რიტუალი, იშვიათად, მაგრამ მაინც ტარდება პანკისის ხეობაში. როგორც ხეობის უხუცესები ამბობენ, დავის მშვიდობიანად მოგვარების გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილია. სანამ იმედაშვილების გვარის წარმომადგენლები ალხანაშვილების სისხლს აიღებდნენ, დამნაშავე (მკვლელი) გარდაიცვალა და გაჩნდა საშიშროება, რომ შურისძიების მიზნით, იმედაშვილები ალხანაშვილების სხვა, უდანაშაულო წარმომადგენელს მოკლავდნენ. უხუცესთა საბჭო პატიების პროცესში ამიტომ ჩაერთო.
სისხლის პატიების ცერემონია ასეთია: სოფლის მაცხოვრებლები ხეობის უხუცესებთან ერთად დაზარალებულის ოჯახში მიდიან და ნებართვას იღებენ, რომ "დამნაშავის" ოჯახი მათთან პატიების სათხოვნელად მივიდეს. ნებართვის აღების შემდეგ ორ გვარს შორის შერიგების პროცესი ლოცვით იწყება.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარე პატიებას არ თანხმდება, უხუცესები დაჩოქვით სთხოვენ, რაც იქამდე გრძელდება, სანამ დაზარალებული მხარე სისხლის პატიების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ორი გვარის წარმომადგენლები შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და მიულოცავენ. შერიგების პროცესს აუცილებლად ესწრება ოჯახის ყველა ახლობელი.