თანაშემწე, რომელსაც თავი ისევ პროკურორი ჰგონია

თანაშემწე, რომელსაც თავი ისევ პროკურორი ჰგონია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ყოფილი პროკურორი ია დოლიძე დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას განცხადებით, დოლიძე პროფესიონალიზმის გამო შეარჩია: ის კარგი იურისტი, პროფესიონალია და ასეთი ადამიანი გვჭირდება საკრებულოში, - ამბობს დარჩია.

-ბატონო დავით, დოლიძის წარსულის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?

- ჩვენ გვაქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომ ბატონი ია არ არის ნასამართლევი.

-თქვენ საუბრობთ ფაქტზე, როდესაც დოლიძე სამხედრო პოლიციაში მუშაობისას, ქრთამის აღების გამო დააკავეს და ნასამართლეობა უკვე მოხსნილი აქვს. თუმცა, მე უფრო წინა პერიოდზე გეკითხებით... მისი პროკურორად მუშაობის წლებზე...

- მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ია პროფესიონალია.

თავად დოლიძე წარსულს კარგად ვერ იხსენებს და დღეს უკვე საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, ისევ პროკურორის ტონით საუბრობს, - წერს "გურია ნიუსი".

-ბატონო ია, თქვენს წარსულზე მინდა გკითხოთ...

- რა გაინტერესებთ ჩემს წარსულზე?

-კარგად გვახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, როცა კონკრეტული საქმისთვის მოსულს, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი დაგვხვდით....

- როგორ გეკადრებათ. სხვა პროკურორში გეშლებით (?!)

-ისიც სხვა პროკურორი იყო, წყაროს გათქმას რომ გვავალდებულებდა?

- ვერ გავიგე, რას მეკითხებით...

- ფაქტებს გახსენებთ, როდესაც ოზურგეთის მთავარი პროკურორი იყავით, ხშირად იყო შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს წყაროს გათქმას გვთხოვდით.

- რომ არ გიპასუხოთ, მაქვს უფლება?

-თქვენი უფლებაა, თუმცა, კითხვები ბევრია...

-შეურაცხყოფას არ გაყენებთ და არც წყაროს გათქმას ვთხოვდი არავის. ბოდიში, მაგრამ გუშინდელი ბავშვი კანონს მე ნუ მასწავლით. მოვთხოვდი იმ შემთხვევაში, თუ კანონი ითვალისწინებდა. როცა დანაშაულში ამხელ და რაღაცას იძახი, წყარო უნდა დაასახელო, - მიიჩნევს დოლიძე და ამბობს, რომ თუკი მასთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვებს დასვამენ, ეს მხოლოდ "ვინმეს მიერ დაქოქილი" და "აღგზნებული" ჟურნალისტები იქნებიან.

ია დოლიძე "გურია ნიუსის" საარქივო მასალების კაბინეტში მიტანას ითხოვს და ამბობს, რომ წარსული საქმიანობის შესახებ შემდეგ ისაუბრებს.

ამიტომ გამოცემა დოლიძის წარსული საქმიანობის შესახებ არსებული დიდი საარქივო მასალიდან, ნაწილს აქვეყნებს:

გაზეთი "გურია ნიუსი" #48, 1 ნოემბერი 2004 წელი.

სტატია: "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს პროკურატურა ახსნა-განმარტებებს აწერინებს და წყაროს დასმენას ავალდებულებს".

სტატიაში საუბარია იმაზე, როგორ მოითხოვდა პროკურატურა ჟურნალისტებისგან, დაესახელებინათ გუბერნიის წინ გამართულ აქციაზე გაკეთებული განცხადების ავტორი, რომელიც "ენერგო პრო ჯორჯიას" უკანონობაში ამხელდა.

"სწორედ პროკურატურას, ანუ ორგანოს, რომელიც კანონიერების დაცვას ზედამხედველობს, მართებს იცოდეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს ჟურნალისტს, არ გათქვას წყარო უკიდურეს შემთხვევაშიც კი", - ვკითხულობთ სტატიაში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა