მოსკოვის მთავარ უნივერმაღში პროექტ "ვსიო პუტიომ"-ის მეორე ეტაპის ფარგლებში, პუტინის გამოსახულებიანი მაისურების გაყიდვა დაიწყეს. პუტინის გამოსახულებიანი მაისური შეიძინა მსახიობმა მიკი რურკმაც. "ის რომ არ მომწონდეს, მაისურს არც ვიყიდდი", - აღნიშნა მსახიობმა ჟურნალისტებთან კომენტარისას. შეგახსენებთ, რომ მიკი რურკის მეგობარი გოგონა წარმოშობით რუსია.
მაისურების დიზაინერები ანა ეფრემოვა და ივან ერშოვი არიან, მაისურის ღირებულება 1200 რუბლია.
ახალი კოლექცია ორმა დიზაინერმა "მსოფლიო არენაზე რუსეთის ბოლოდროინდელ გამარჯვებებს" მიუძღვნა. მაისურებზე დატანილია პუტინის გამოსახულება შემდეგი შინაარსის წარწერებით: "სალამი ყირიმიდან", "ჩვენ ვერ დაგვეწევიან", "ყველაზე თავაზიანი ადამიანთა შორის" და ა.შ.
წინა კოლექცია სავაჭრო ცენტრში ივნისში გაიყიდა და მაშინ რამდენიმე საათში 5 000 მაისური "დაიტაცეს".
შეგახსენებთ, პუტინის გამოსახულებიანი მაისურები ბაზარზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსეთმა ყირიმი დაიკავა.
