"ერთადერთი შვილი მომიკლა და მკვლელი შს სამინისტროში ისევ თანამდებობაზეა"

"ერთადერთი შვილი მომიკლა და მკვლელი შს სამინისტროში ისევ თანამდებობაზეა"

17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის სოფიკო სეფიაშვილის ოჯახი შს სამინისტროს თანამშრომლის, რევაზ თევდორაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის დაკავებას ითხოვს.

"ერთადერთი შვილი მყავდა და მომიკლა. ნასვამი მართავდა მანქანას. მკვლელი ისევ თანამდებობაზეა და ეს არის სამართალი? აბა, სხვა ყოფილიყო, თუ მაშინვე არ დააკავებდნენ. ჩვენთვის წყნარად მივდიოდით დასასვენებელად, 60-ით მიდიოდა ჩემი მეუღლე. ის უცბად გამოქანდა და საბურავებს შორის შეგვიძვრა, ისეთი ძალით დაგვარტყა, რომ სამჯერ ამოგვატრიალა. ჩემმა შვილმა პირველი ამოტრიალებისთანავე თავით გატეხა მინა და გადავარდა, ჩვენ კიდევ ორჯერ ამოვტრიალდით. რომ დავეცი, გავიხედე და ჩემი შვილი უკვე აღარ იყო. ფანჯრიდან გადავხტი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვუშველე. იქით ბავშვი ეგდო უგონოდ. სანამ ამოვტრიალდებოდით, ხელში ეჭირა, ძუძუს აწოვებდა და გადაუვარდა. ის კიდევ, ვინც დაგვეჯახა გაქცევას ცდილობდა, პოლიციის თანამშრომელი ვარ და ვერავინ ვერაფერს ვერ მიზამსო. დროს წელავენ სპეციალურად, რომ გული გაუნელდეთო. როგორ გამინელდება გული, წლები რომ გავიდეს, არ გამინელდება. ჩემს საცოდავ ქმარს შვილი მკვდარი ჰყავდა და 7 საათი პოლიციაში აყურყუტეს, ის კიდევ დაკითხეს და მაშინვე გაუშვეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფიკო სეფიაშვილის დედამ, ნინო სეფიაშვილმა.

შეგახსენებთ, "ფორდ ტრანზიტის" მიკროავტობუსს, რომელშიც სოფიკო სეფიაშვილი მეუღლესთან, მშობლებთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იჯდა, დიდი სისწრაფით მომავალი "ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. მანქანას შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

რევაზ თევდორაშვილს, რომელიც გაქცევას ცდილობდა, ტელეფონი დაუვარდა. გარდაცვლილის მეუღლემ თევდორაშვილის ტელეფონი აიღო, რომ მისი ვინაობა დაედგინათ. მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ რევაზ თევდორაშვილმა დანაშაულზე პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს, გამოძიებამ გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის მეუღლეს, გიორგი თვალმიხელაშვილს დავა რევაზ თევდორაშვილის ძარცვაზე დაუწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გამოძიების მხრიდან ზეწოლის ფაქტი დაადასტურეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა