მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოციალურ ქსელებსა და ზოგადად, ვირტუალურ სივრცეში ურთიერთობების საფრთხეებზე წერს.
"ამ უსწორ-მასწორო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრება ძირითადად ნეგატივითაა გაჟღენთილი. მთავარია, კაცი რაღაცით გამორჩეული და ცნობილი არ გახდეს და არც არავინ გაიხსენებს მას... ხოლო თუ გაბედავ და შედგები, როგორც პროფესიონალი, ან როგორც, უბრალოდ, შენი ქვეყნის აქტიური მოქალაქე, განწირული ხარ. გაფიქრებაც არ მინდა, რომ ვინმემ რაიმე გმირული ჩაიდინოს და ცოცხალი გადარჩეს, სიკვდილს მოანატრებენ, ისეთ "შავ პიარს" აუგორებენ... თუ მოკვდები, დაგიტირებენ. ასეთია ქართველთა ბუნება. 90-იან წლებში, უფრო ადრეც... როცა სოციალური ქსელი არ არსებობდა, ჯერ კიდევ საბჭოთა სუკის მეთოდოლოგია მოქმედებდა. მეტროებში, ტაქსებში, ავტობუსებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "დაინტერესებული პირები" სამიზნე ობიექტზე უხვად ყრიდნენ ჭორს. მერე ეს ჭორი ხარობდა, ვრცელდებოდა და მკვიდრდებოდა. გაჩნდა, თუ არა სოციალური ქსელი და გაიგეს, თუ არა ქართველებმა "ავატარების" გემო, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო... მთელმა ჩვენმა შინაგანმა ბოღმამ, ბალღამმა და შურმა უხვად ამოხეთქა. ტიპი, რომელიც პირში გიცინის, შესაძლოა, მეზობელი ოთახიდან "ავატარის" ნიღბით გთათხავდეს. პასუხს გასცემ და... მრავლად გამოჩნდებიან ჭკუის დამრიგებლები: " ნუ შეხვალ პოლემიკაში", " წეროს, რაც უნდა"..." საზოგადოება ღიზიანდება" და ა.შ. ისე, საინტერესოა, ტალახს რომ გასხამენ და ხმას ამოიღებ, საზოგადოება რატომ უნდა გაღიზიანდეს? და რატომ ითვლება ნორმალურ სტილად, რომ "დაიკიდო" და "გაჩუმდე"?... ასე გაჩუმება-გაჩუმებით ერთ დღეს მთელ ქვეყანას წესიერი კაცის სიბოროტეში დაარწმუნებენ და წადი და ამტკიცე მერე,- მე -არა, მე- არაო... სხვა ჭირი გაჩნდა კიდევ- პირადი მიმოწერები. კაცო, ისე როგორ უნდა დაგზაფრონ, რომ უახლოეს მეგობართან მიმოწერისაც კი გეშინოდეს. არიქა, ერთ დღეს ჩემი მეგობარიც არ გაგიჟდეს, ეს მიმოწერა არ დააკოპიროს და "დილის გაზეთში" არ გამოაქვეყნოსო. ახლა, მტერი თუ გყავს (როგორც მე-მრავლად) და შენზე ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა საძაგელი ტყუილი თუ მიწერა (გაბრაზებულ გულზე) და ეს მიმოწერა დაკოპირდა, მორჩა, წასულია საქმე! სხვა კატეგორიაც არსებობს... არ მიგიწერია არაფერი და გააკეთებს ყალბი მიმოწერის ვერსიას. ამიტომ ჩემი პირველი და მთავარი რჩევა - ხშირად "ლაივში" შეხვდით ერთმანეთს და ისე გადაუშალეთ გული. ისე, აქაცაა "ჩაწერის" საფრთხე, მაგრამ როცა კაცი გიწერთ, მას ეს ეტყობა, ოფლიანდება და ერთობ ნერვიული ჟესტიკულაცია აქვს... მიხვდებით... მეორე - მტრების საყურადღებოდ ვწერ: თქვენი მტრების მტრებზეც ნურავის ნურაფერს მიწერთ. როგორმე სძლიეთ ამ ჟანრის ვნებას და ამით სიმშვიდესაც მოიპოვებთ და კონფლიქტებსაც აიცილებთ თავიდან. მესამე - ხელისუფლებას ადრე, თუ გვიან აუცილებლად მოუწევს კიბერ-პოლიციის შექმნა. სოციალურ ქსელში აფურთხეს ადამიანს? უნდა აღიძრას საქმე და ამ ტიპისთვის სამუდამოდ დაიხუროს სოციალური ქსელის სივრცე. ამასთან, მკაცრად უნდა აგოს პასუხი. გამორიცხული არაა, პატიმრობის მუხლის გამოყენებაც გახდეს საჭირო. პარალელური თემაა - სოციალური ქსელის, ან სკაიპის (პირადი) მიმოწერების გაზეთში გამოქვეყნება, რასაც რამდენიმე დღის წინ მე გადავეყარე. გარწმუნებთ, თუ მტკიცე ნერვები არ გაქვთ, მინიმუმ თავს ჩამოიხრჩობთ, ეს იმ რანგის ტკივილია. ახლა გამოდის გაზეთის რედაქტორი და ამტკიცებს, რომ არც მან იცოდა არაფერი, არც პასუხისმგებელმა მდივანმა, არც არავინ... მოკლედ, ვიღაცა ავტორი ყოფილა ყველაფერი... მასალაც მან მიიტანა რედაქციაში, გაზეთიც მან დააკაბადონა, რედაქტირება, კორექტურაც მან გააკეთა და ბოლოს, ბეჭდვაზეც უცხო კაცმა გაუშვა ნომერი. ეს, ახლა, ნორმალურია?! და სასაცილო არ არის, დიდ ზნეობრივ პრობლემასთან რომ არ გვქონდეს საქმე? ჩემი აზრით, ასეთი გაზეთი მეორე დღესვე უნდა დაიხუროს! არ ვიცი, რა ორგანო უნდა აკეთებდეს ამას, მაგრამ უნდა დაიხუროს, რომ სხვა დროს, სხვა ადამიანი არ მიიყვანონ თვითმკვლელობის ზღვართან. ისე, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებაში საჯაროობა და გულწრფელობაა... თუ პირადი მიმოწერისას სხვა ადამიანს (მეგობარს, თუ მტერს) იმას წერთ, რასაც ფიქრობთ და რაზე საუბარიც საჯაროდაც შეგიძლიათ, უკაცრავად და... ფეხებს ვერავინ ვერ მოგჭამთ. აი, ეს სულ მცირე ცოდნა გაგიზიარეთ, რაც ბოლო დღეებში დამიგროვდა. ისე, ხსენებული გაზეთის რედაქტორი რომ ვიყო ( ღმერთმა დამიფაროს), ახლა მშვიდად არ მეძინებოდა. ჩემი პასუხი უმკაცრესი იქნება", - წერს ინაშვილი.