რა იყო სიცრუე და რა სიმართლე ეკა კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერებში - 6 კონტრარგუმენტი ტელეწამყვანს

რა იყო სიცრუე და რა სიმართლე ეკა კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერებში - 6 კონტრარგუმენტი ტელეწამყვანს

როგორ აკონტროლებენ ე.წ. მაყურებლები საქართველოს ციხეებში არსებულ სიტუაციას, როგორ აგროვებენ ე.წ. ობშიაკს, სატელეფონო კონფერენციები სხვადასხვა ციხეში მყოფ პატიმრებს შორის და ქურდული გარჩევები... რა გავლენას ახდენს ციხეებში არსებული სიტუაცია ციხის გარეთ კრიმინალურ ვითარებაზე - ამ ყველაფერზე ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ "რუსთავი 2"-ზე, საავტორო გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ფარული აუდიო ჩანაწერებით არგუმენტირებულ გამოშვებაში ისაუბრა. გადაცემის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის სტატუსი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ გადაცემაში მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება.

არჩილ თალაკვაძე 6 კონტრარგუმენტით ეწინააღმდეგება ბრალდებებს, რომელიც გადაცემაში სასჯელაღსრულების სისტემის წინააღმდეგ იყო მოყვანილი. Ambebi.ge მკითხველს სთავაზობს არჩილ თალაკვაძის ვრცელ სტატუსს, რომლის დასასრულს იხილავთ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, და აგრეთვე ეკა კვესიტაძის პასუხს, რომელიც მინისტრის მოადგილემ ტელეწამყვანისგან წერილობითვე, Facebook-ის საშუალებით მიიღო.

Facebook/ არჩილ თალაკვაძე:

"ქნ-ო ეკა,

ჟურნალისტების კეთილშობილების მჯერა და მედიის ფასეულობებიც მწამს. ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი ცოდნის და კომპეტენციის ფარგლებში თქვენს გადაცემაზე გიპასუხოთ (ეკა კვესიტაძე, R2, გადაცემა "განსხვავებული აქცენტები"):

1. ე.წ. "რეზბალნიცა", რომელიც თქვენს გადაცემაში საკონფერენციო სივრცედ არის აღწერილი, 2013 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე დახურული იყო კაპიტალურ რემონტზე. 2014 წლის 1 ივლისიდან ის აღარ არის "რეზბალნიცა", არამედ სამოქალაქო სტანდარტით ლიცენზირებული "ცენტრალური საავადმყოფოა", საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და პაციენტის დაყოვნება მასში 5.6 დღეა.

2. მსჯავრდებულები, რომელიც თქვენს გადაცემაში "რეზბალნიცაზე" იმყოფებიან და კონფერენციებს ხელმძღვანელობენ, სინამდვილეში იქ არ იმყოფებიან. სიმართლე: როცა სისტემა ჩავიბარეთ რეფორმისთვის, ერთ-ერთი მათგანი იქ დაგვხვდა "მუდმივად შესახლების" სტატუსით და სათანადო მკურნალობის შემდეგ მალევე გავწერეთ. მეორე კი 3 წლის განმავლობაში დღეის ჩათვლით, იქ არასოდეს ყოფილა. მზად ვარ დღესვე დაგპატიჟოთ ამ დაწესებულებაში, ყველა პალატა და ასევე პაციენტთა სარეგისტრაციო მონაცემები დაგათვალიერებინოთ (დიაგნოზების გარეშე), რომ თავად დარწმუნდეთ ამაში.

3. საკნებში გადაღებული კადრები, რომელიც თქვენი გადაცემისთვის გამოიყენეთ, 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია youtube-ზე ატვირთული, ხელისუფლება კი 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. შესაბამისად, იმ კადრების "ზედდება" ახლანდელი ადმინისტრაციის კრიტიკისთვის განკუთვნილ გადაცემაზე, რომელიც მის პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ უკავშირდება - ერთგვარი სპეც-ეფექტი მგონია, რომელიც როგორც მინიმუმ მედიაში "ხარისხის კონტროლის" (Q - კ.ჟ. ბერტრანი) პრინციპებს ეწინააღმდეგება. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ასევე გამიჩნდებოდა კითხვა, როგორ მოახერხეს მაგ კადრებში აღწერილმა პატიმრებმა ერთად შეკრება წინა წლების მკაცრი რეჟიმის პირობებში?

4. გზავნილების ირიბი წახალისება თქვენს გადაცემაში, სადაც ტელემაყურებლებს ეუბნებიან, რომ "დამნაშავეებს ასეთი ციხეების აღარ ეშინიათ", ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით ვფიქრობ, შეიცავს ფარულ მოწოდებას მოქალაქეებისადმი და იმ 4000-ზე მეტი თანამშრომლისადმი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობს, რომ მხოლოდ ძალადობით და რეპრესიებით არის შესაძლებელი "ციხეების მართვა", რადგან თქვენს გადაცემაში სხვა ალტერნატივა არ გაგიშუქებიათ და არც შეგიდარებიათ აქვს თუ არა საქართველოს დღეს ეს ალტერნატივები საკუთარ სისტემაში.

5. ასევე ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც თქვენს გადაცემაში ახსენეთ, სხვა პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო, წელიწადზე მეტია ტუბერკულოზის ცენტრიდან გადაყვანილია სხვა მკაცრი რეჟიმის ციხეში, რის გამოც მივიღეთ ბევრი კრიტიკა (როგორ შეიძლება ავადმყოფის გადაყვანა მკაცრ პირობებში?!) და მოგვიხდა მთელი სამკურნალო კომპონენტების და პერსონალის დამატება იქ, სადაც გადავიყვანეთ.

6. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს რასაკვირველია, ოღონდაც, შეძლებისდაგვარად არა ძალის გადამეტებით, რადგან თქვენც და მეც მომსწრენი ვართ, რომ ცემა-წამება-დამცირება ძალიან იაფი ჯდება, თუმცა მკურნალობა-რეაბილიტაცია-სამართლებრივი შედეგები ძალიან ძვირი. რა გაკეთდა და რას ვაკეთებთ, ვეცდებით უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ შემდეგ თვეებში.

დიდი მადლობა, რომ ისევე ყურადღებით მომისმინეთ, როგორც მე თქვენ.

პატივისცემით,

არჩილი".

Facebook/ეკა კვესიტაძე, "განსხვავებული აქცენტები":

"შაბათს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა. ამის შემდეგ მისმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ წერილი მომწერა ფბ-ზე. მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის არ დათანხმდა სამშაბათს გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობას. . სადაც მე შემეძლო მის ყველა პრეტენზიაზე დასაბუთებული პასუხი გამეცა და კიდევ უფრო მეტი აუდიო მასალა მეჩვენებინა. რატომ ამბობენ სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში საუბარზე უარს, ამის მიზეზი ადვილი მისახვედია. მაგამ რადგან ბნ. თალაკვაძემ წერილობით მომმართა, მას მე ასევე წერილობით ვპასუხობ .

ბატონო არჩილ, მოგესალმებით - მიხარია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ასეთი ფორმით მაინც გამოეხმაურა ჩვენს გადაცემას. თუმცა, უპრიანი იქნებოდა, თქვენ ან თავად მინისტრს, (რომელიც დავპატიჟეთ და უარი გვითხრა), გადაცემაში მიგეღოთ მონაწილეობა და იქ, უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე გამოგეთქვათ თქვენი პრეტენზიები. მაგრამ, რადგან ასეთი ფორმით ისურვეთ კომუნიკაცია, მეც მზად ვარ წერილობითვე ვუპასუხო თქვენს შენიშვნებს.

თქვენ ამბობთ. 1. ე.წ. "რეზბალნიცა", რომელიც თქვენს გადაცემაში საკონფერენციო სივრცედ არის აღწერილი, 2013 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე დახურული იყო კაპიტალურ რემონტზე. 2014 წლის 1 ივლისიდან ის აღარ არის "რეზბალნიცა", არამედ სამოქალაქო სტანდარტით ლიცენზირებული "ცენტრალური საავადმყოფოა", საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და პაციენტის დაყოვნება მასში 5.6 დღეა.

მე გპასუხობთ - ჩვენ გადაცემაში გარკვევით ვთქვით, რომ ეს ჩანაწერები ძირითადად 2013 წელს არის გაკეთებული, არსად არ გვიხსენებია 2014 წელი. თქვენ კი არ აზუსტებთ, 2013 წლის რომელი თვიდან დაიწო ე.წ. "რეზბალნიცას" რემონტი. სამაგიეროდ, ჩვენ ვაზუსტებთ, ამ დაწესებულებიდან გაკეთებული ჩანაწერები ჩვენი წყაროს ინფორმაციით 2013 წლის 18 მარტით. ასე რომ, ამ არგუმენტს ვერანაირად ვერ მივიღებთ,

თქვენ ამბობთ. 2. მსჯავრდებულები, რომელიც თქვენს გადაცემაში "რეზბალნიცაზე" იმყოფებიან და კონფერენციებს ხელმძღვანელობენ, სინამდვილეში იქ არ იმყოფებიან. სიმართლე: როცა სისტემა ჩავიბარეთ რეფორმისთვის, ერთ-ერთი მათგანი იქ დაგვხვდა "მუდმივად შესახლების" სტატუსით და სათანადო მკურნალობის შემდეგ მალევე გავწერეთ. მეორე კი 3 წლის განმავლობაში დღეის ჩათვლით, იქ არასოდეს ყოფილა. მზად ვარ დღესვე დაგპატიჟოთ ამ დაწესებულებაში, ყველა პალატა და ასევე პაციენტთა სარეგისტრაციო მონაცემები დაგათვალიერებინოთ (დიაგნოზების გარეშე), რომ თავად დარწმუნდეთ ამაში.

მე გპასუხობთ - კარგია, რომ თავადვე აღიარებთ, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული ამ დაწესებულებაში მუდმივი შესახლების სტატუსით იმყოფებოდა. ეს ჩანაწერებიც სწორედ იმდროინდელია. ასე რომ, გმადლობთ, რომ თავად დაგვიდასტურეთ ეს ფაქტი.

თქვენ გვწერთ 3. საკნებში გადაღებული კადრები, რომელიც თქვენი გადაცემისთვის გამოიყენეთ, 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია Youtube-ზე ატვირთული, ხელისუფლება კი 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. შესაბამისად, იმ კადრების "ზედდება" ახლანდელი ადმინისტრაციის კრიტიკისთვის განკუთვნილ გადაცემაზე, რომელიც მის პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ უკავშირდება - ერთგვარი სპეც-ეფექტი მგონია, რომელიც როგორც მინიმუმ მედიაში "ხარისხის კონტროლის" (Q - კ.ჟ. ბერტრანი) პრინციპებს ეწინააღმდეგება. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ასევე გამიჩნდებოდა კითხვა, როგორ მოახერხეს მაგ კადრებში აღწერილმა პატიმრებმა ერთად შეკრება წინა წლების მკაცრი რეჟიმის პირობებში?

მე გპასუხობთ. არსად, ხაზს ვუსვამ, არსად ჩვენ არ გვითქვამს, რომ ის ვიდეო მასალები, რომელიც კადრებად გამოვიყენეთ, ახალია. პირიქით, ყველა ამ მასალას ეწერა, რომ არქივია. ჩვენ ხაზგასმით ვამბობდით გადაცემაში, რომ მხოლოდ აუდიოფაილებს ვფლობთ და შესაბამისად, ვერნაირად ვერ გვისაყვედურებთ, რომ მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ.

თქვენ გვწერთ 4. გზავნილების ირიბი წახალისება თქვენს გადაცემაში, სადაც ტელემაყურებლებს ეუბნებიან, რომ "დამნაშავეებს ასეთი ციხეების აღარ ეშინიათ", ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით ვფიქრობ, შეიცავს ფარულ მოწოდებას მოქალაქეებისადმი და იმ 4000-ზე მეტი თანამშრომლისადმი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობს, რომ მხოლოდ ძალადობით და რეპრესიებით არის შესაძლებელი "ციხეების მართვა", რადგან თქვენს გადაცემაში სხვა ალტერნატივა არ გაგიშუქებიათ და არც შეგიდარებიათ აქვს თუ არა საქართველოს დღეს ეს ალტერნატივები საკუთარ სისტემაში.

მე გპასუხობთ - რა არის მედიის მიერ ფარულ მოწოდებები, ეს კარგად არის გაწერილი მედიის ეთიკის კოდექსში. ჩვენ ამ კოდექსის არცერთი მუხლი არ დაგვირღვევია. ეს თქვენი სუბიექტური შეფასებაა, რომ ჩვენ "ირიბ წახალისებას " ვეწევით. მე კი ვფიქრობ, რომ კრიმინალის ირიბი წახალისება მასზე თვალის დახუჭვა, პრობლემის არაღიარება და იმის მტკიცებაა, რომ ეს პრობლემა მედიის მიერ არის მოგონილი. რაც შეეხება ციხეები მართვის რა ალტერნატივა არსებობს ძალადობასა და სიტუციის უკონტროლოდ მიშვებას შორის, თქვენ და თქვენ მინისტრს გქონდათ საშუალება მოსულიყავით გადაცემაში და ამაზე გესაუბრათ. ვწუხვარ, რომ ეს შანსი არ გამოიყენეთ.

თქვენ გვწერთ - 5. ასევე ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც თქვენს გადაცემაში ახსენეთ, სხვა პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო, წელიწადზე მეტია ტუბერკულოზის ცენტრიდან გადაყვანილია სხვა მკაცრი რეჟიმის ციხეში, რის გამოც მივიღეთ ბევრი კრიტიკა (როგორ შეიძლება ავადმყოფის გადაყვანა მკაცრ პირობებში?!) და მოგვიხდა მთელი სამკურნალო კომპონენტების და პერსონალის დამატება იქ, სადაც გადავიყვანეთ.

მე გპასუხობთ - კარგია, რომ ამ პატიმრის მიერ სხვა მსჯავრდებულებზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტს აღიარებთ და მის მიმართ ზომები მიიღეთ. მაგრამ რას გვეტყვით დანარჩენ აუდიოჩანაწერებზე, დაისაჯნენ თუ არა სხვა პატიმრები ან ადმინისტრაციის ის პასუხიმგებელი პირები, რომლებიც მათთან უკანონო გარიგებაში იყვნენ შესულები.

თქვენ გვწერთ 6. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს რასაკვირველია, თუმცა შეძლებისდაგვარად არა ძალის გადამეტებით, რადგან თქვენც და მეც მომსწრენი ვართ, რომ ცემა-წამება-დამცირება ძალიან იაფი ჯდება, თუმცა მკურნალობა-რეაბილიტაცია-სამართლებრივი შედეგები ძალიან ძვირი. რა გაკეთდა და რას ვაკეთებთ, ვეცდებით უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ შემდეგ თვეებში.

მე გპასუხობთ - მოხარული ვარ, თუ ასეთი განწყობა არსებობს დღევანდელ სამინისტროში. ჩვენ ველოდებით რეგირებას აუდიო ჩანაწერებზე და თვალყურს მივადევნებთ იმ რეფორმას, რომელიც თქვენ მიერ განხორციელდება. არც თქვენს გადაცდომებს დავტოვეთ ყურადღების გარეშე.

დიდი მადლობა, რომ ისეთივე ყურადღებით მომისმინეთ, როგორც მე თქვენ. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ არა ფეისბუქზე, არამედ გადაცემაში მომეცება თქვენთან, როგოროც რესპოდენტთან გასაუბრების საშუალება. ხოლო, იმის საჩვენებლად, რომ არც წინა ხელისუფლების დროს ვტოვებდი უყურადღებოდ სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებულ პრობლემებს, პირველ არხზე ჩემი თოკ-შოუს ლინკს დიდი სიამოვნებით მოგაწოდებდით, ბუნებრივია, თქვენი სურვილის შემთხვევაში.

პატივისცემით, ეკა კვესიტაძე."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს