"გაბრიელი მეორე ბავშს სათამაშოს ართმევდა, ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული" - რას ყვება ბაღის ხელმძღვანელი აუტისტი ბავშვის შესახებ

"გაბრიელი მეორე ბავშს სათამაშოს ართმევდა, ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული" - რას ყვება ბაღის ხელმძღვანელი აუტისტი ბავშვის შესახებ

სკოლა-კომპლექს "სადუნთან" არსებული კერძო ბაღიდან, 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძე მშობლებმა შინ სახეზე დაზიანებით წაიყვანეს. მშობლების ინფორმაციით, მათი შვილი აღმზრდელმა სავრაუდოდ სცემა. პატარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ის აუტისტია.

"სავარაუდოდ, ეს არის დიდი ადამინის ნამოქმედარი, რადგანაც ბავშვს ღრმად აქვს ეს დაზიანება მიყენებული. თუნდაც არ იყოს დიდი ადამიანის ჩადენილი, სად იყო ამ დროს პედაგოგი, ძიძა, როდესაც ბავშვმა სამ ადგილას მიიყენა დაზიანება, როგორც თვითონ აცხადებენ.

ტუჩთან აქვს ნახეთქი, საფეთქელთან - ნაკაწრი, დანარჩენს ექსპერტიზა დადგენს და თვალთან - რაღაც ფუფხი. ხვალ იქნება ექსპერტიზის დასკვნა. პასუხს ველოდებით. რადგანაც დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის ჩადენილი", - აცხადებს ბავშვის დედა თამარ იაშვილი.

ambebi.ge-ს დაუკავშირდა საერო საშუალო სკოლა-კომპლექს "სადუნის" დირექტორი მარინა ცინცაძე, რომელმაც ითხოვა მისი აზრიც დაფიქსირებულიყო. ჩვენ მას გავესაუბრეთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენს საბავშვო ბაღში აღმზრდელს აღსაზრდელი (აუტიზმით დაავადებული პატარა) უცემია. რა მოხდა იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?

- ბავშვი ნამდვილად არ არის ნაცემი. 1990 წლიდან აქ ვმუშაობთ და შემთხვევა, რომ რომელიმე ბავშვისთვის ყური მაინც აეწიათ, არ ყოფილა...

რაც შეეხება ამ ფაქტს, რომელიც გახმაურდა, გეტყვთ, რომ 2 სექტემბერს ჩვენთან მშობლებმა შემოიყვანეს გაბრიელ ნიშნიანიძე. მას ბებია, დედა, მამა, ბაბუა - ყველა მოჰყვა და მითხრეს, რომ ბავშვი თქვენთან "ჭიამაიიდან" გადმოგვყავს, რადგანაც იქ მძინარეს ცივი წყალი დაასხეს. აუტისტი პატარა მეტად გააქტიურდა, ჰიპერაქტიური გახდა. გვინდა, რომ გაბრიელი თქვენთან მოხვდესო.

- აუტისტ პატარებს იღებთ?

- კი, თუკი მშობლებს აქვთ ამის სურვილი, ვიღებთ და შესაბამისად, მათთან მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს. მოკლედ, გაბრიელის მიღებას დავთანხმდი, მაგრამ ბავშვი ჯგუფში პირველივე დღიდან ვერ გააჩერეს. მერე მშობლები ჩავაყენე საქმის კურსში ვუთხარი, რომ ასეა, მასთან ერთად ვიმუშაოთ-მეთქი. გაბრიელს მივამაგრე მეთოდისტი და მეც ვესწრებოდი პერიოდულად ამ ბავშვთან მეთოდურ მუშაობას. ვინაიდან გაბრიელი ჰიპერაქტიურია, კონტაქტში ვერ შევიდა ჯგუფელებთან, ამასთან, ვერც საუბრობს. ამ ფონზე როგორც ჩანს, მეტი აფექტი განიცადა, დარბოდა, ყვიროდა, ყველაფერს, რასაც ხედავდა, ძირს ჰყრიდა და ფეხებით ამტვრევდა. ასე გაუტეხა ტელეფონი აღმზრდელს. მერე მშობლები დავიბარე და ვთხოვე, სანამ ეს ბავშვი გარემოს შეეჩვევა, იქნებ ერთ-ერთი თქვენგანი ჯგუფში მთელი დღის განმავლობაში დარჩეს და მის გვერდით იყოს-მეთქი. დამთანხმდნენ, დედაც დარჩა, მეორე დღეს დეიდა და ა.შ. თვითონაც ვერაფრით აჩერებდნენ და მერე შედარებით ადრე გაჰყავდათ ბაღიდან. დეიდამ მითხრა, - თქვენი აღმზრდელები ეფერებიან გაბრიელს და ამ დროს მოფერება არ შეიძლება, უნდა ეჩხუბოთ და უყვიროთო. ჯანმრთელ ბავშვს არ ვუყვირით და ამას ვერ გავაკეთებთ-მეთქი. მერე მოიყვანეს ორი ფსიქოლოგი ქალბატონი (იმ პერიოდში შენობიდან გასული ვიყავი, ნეტავ, რატომ გავედი). ფსიქოლოგი და მეთოდისტი რომ შესულან, ასეთი სურათი დახვდათ, - გაბრიელს ბავშვთან სათამაშოს გამო კინკლაობა მოსვლია. მეორე ბავშვს სათამაშოს ართმევდა და ამ დროს ტუჩზე მოხვედრია და აქვს გაკაწრული.

- თქვენ თავად თუ ნახეთ ბავშვი?

- არ მინახავს. მაგრამ ის ბავშვიც იციან (მეთოდისტმაც, აღმზრდელმაც), ვისთანაც მოუვიდა მას კამათი, კინკლაობა... ახლა ჩვენ გვედავებიან, აი, რას: მშობელს რომ უკითხავს, - რა მოხდა? ძიძამ გარკვევით ვერ მითხრა, - ხან თვითონ მოუვიდა, ხან - ბავშვთან კინკლაობა მოუხდაო (შეიძლება ძიძამ ვერ დაუსახელა ის ბავშვი, ვინც დაუშავა). მოკლედ, მათი დასკვნა ასეთია, რომ ამ ძიძას არ უყვარს ეს ბავშვი და ალბათ, სწორედ მან ჩაიდინა ეს ამბავიო...

- ვინ არის ის ბავშვი, ვისთანაც, თქვენი თქმით, გაბრიელს კონფლიქტი მოუხდა?

- ტყუპი ძმაა და ერთ-ერთთან.

- ხმა ასევე გავრცელდა იმის შესახებ, რომ თქვენს სასწავლო დაწესებულებაში დაშავებული პატარა დისკრიმინაციას სხვა დროსაც განიცდიდა...

- ეს არის აბსურდი.

- ასევე ისიც ითქვა, რომ სხვა ბავშვების მშობლები თითქოს აპროტესტებენ იმას, რომ აუტისტი ბავშვი არ უნდა იყოს მათი შვილების ჯგუფში...

- ხდება ხოლმე, როცა მშობლები რაღაცას აპროტესტებენ, მაგრამ ჩვენ მათთანაც ვმუშაობთ... პირიქით, ამ ბავშვისთვის კარგია, რომ კონტაქტში იქნება საზოგადოებასთან...

- ანუ თქვენი მეთოდიკა ისეთია, რომ აუტისტი ბავშვი ჯგუფში კონტაქტში იყო ჩვეულებრივ ბავშვებთან...

- რა თქმა უნდა, რადგანაც მართალა ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, როცა ასეთ ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა. ამასთან, გაბრიელი სულ ახალი მოსული იყო. 2 სექტემბერს მოვიდა და ეს ამბავი 25-ში მოხდა.

- ანუ ამბობთ, რომ ბავშვი ჯერ ადაპტაციის პროცესში იყო?

- ჯანმრთელ ბავშვებს აქვთ გარკვეული სირთულეები, რთულად ეგუებიან. ჯერ მართლა ცოტა დრო იყო გასული, რომ ადაპტაცია მომხდარიყო. ამასთან, ჩავრთე კიდეც მშობლები პროცესში და ამიტომ დავრთე ნება, ფსიქოლოგი შემოსულიყო, რომ ეს სირთულეები რაღაცნაირად გადაელახა და გარემოს შესჩვეოდა.

- ახლა რას აპირებთ?

- როგორ შეიძლება, ვთქვა, რომ ბავშვს გავუშვებ ბაღიდან. ჩვენ დავუმტკიცებთ ამ მშობლებს, თუ რა შეგვიძლია, თუკი ისინი გამოგვყვებიან. რაც შეეხება აღმზრდელს, იმ თანამდებობიდან ვათავისუფლებ, მაგრამ საბოლოოდ სამსახურიდან ვერ გავუშვებ, შეიძება მრეცხავად გადავიყვანო, ან სხვა თანამდებობაზე. მარტოხელაა, უბინაო და გარეთ ვერ გავაგდებ.

- ე. ი. ბავშვის მშობლებთან არ გქონიათ ურთიერთობა?

- საერთოდ არ მქონია მათთან კონტაქტი, ჩემთან არ ყოფილან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "გუშინ, ის საბავშვო ბაღის მასწავლებელმა სცემა" - ბექა ელბაქიძე აუტისტი ბავშვის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია