კიკბოქსის ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიაში აღმერთებენ

კიკბოქსის ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიაში აღმერთებენ

ამსტერდამში, 4 ოქტომბერს, მსოფლიო ორგზის ჩემპიონმა კიკბოქსინგში, გიგა ჭიკაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ზაკიანი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლა კ-1-ის წესებით გაიმართა, რისთვისაც ქართველი სპორტსმენი სერიოზულად ემზადებოდა. ბრძოლა გიგა ჭიკაძემ ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მიუძღვნა.

ის ჰოლანდიაში მცხოვრები წარმატებული ქართველია. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონია კიკბოქსინგში, ასევე ორგზის ჩემპიონია კარატეშიც. ორივე სახეობაში მსოფლიოს ცნობილი სპორტსმენები ჰყავს დამარცხებული...

"ამბები.გე" მას ინტერნეტის საშუალებით დაუკვაშირდა.

- გიგა, რას ნიშნავს შენთვის სპორტის სახეობა, რომელშიც ასპარეზობ?

- ჩემთვის ეს სპორტი იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია, ყოველდღიური ცხოვრებაა, რადგანაც ყოველდღე საშუალოდ, 8 საათი ვვარჯიშობ, რომ მოვემზადო კონკრეტული ტურნირისთვის და საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ ღირსეულად წარმოვაჩინო.

- როგორც გავიგე, 7 წელია ჰოლანიაში ცხოვრობ, თავიდან როგორ აღმოჩნდით იქ?

- ერთ-ერთი ტურნირში გამარჯვების შემდეგ მოწვევა მივიღე 2 ჰოლანდიური კლუბისგან - Golden Glory და Megiro Gym. ამ ორიდან პირველი ავირჩიე და იქ დავიწყე ვარჯიში.

- როგორია ეს ქვეყანა შენთვის?

- ზოგადად, კიკბოქსინგი ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და პოპულარული სპორტია. შესაბამისად, ჩემი სპორტული კარიერისთვის ამ ეტაპზე ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ცხოვრება.

- საერთოდ რატომ დაინტერესდი ამ სპორტით?

- 4 წლიდან დავიწყე ვარჯიში კარატეში და 18 წლამდე საქართველოს ცამეტგზის ჩემპიონი გავხდი, ასევე მოვიგე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, მაგრამ სამწუხაროდ, კარატე დღეს შემოსავლიანი სპორტი არ არის და გადავწყვიტე, სხვა სპორტიც მეცადა. პარალელურად ჰოლანდიის კიკბოქსის კლუბებში დავიწყე მომზადება (დღეს ეს სპორტი ჰოლანდიაში ყველაზე მეტადაა განვითარებული). თავიდან ძალები ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბში - Golden Glory მოვსინჯე. რამდენიმე წლის შემდეგ გავხდი Mike's Gym-ის კლუბის წევრი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლებთან ერთად (ბადრ ჰარი და მელვინ მანჰოეფი) ვვარჯიშობდი. 2012 წლიდან ვარ Vos Gym-ის წევრი და ჩემი მთავარი მწვრთნელი კიკბოქსის ლეგენდა - ივან ჰიპოლიტია.

- მოქალაქე ხარ თუ ემიგრანტი?

- რეზიდენტი.

- როგორც გავიგე, ამსტერდამში ძალიან უყვარხარ ადგილობრივ მოსახლეობას...

- როგორც უკვე აღვნიშნე, ეს სპორტი ძალიან პოპულარულია ამსტერდამში. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კიკბოქსის კლუბში ვასპარეზობ, ვმონაწილეობ პრესტიჟულ ტურნირებსა და ღონისძიებებში და ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხის ჩემდამი სიმპათია...

- ისიც გავიგე, ისეთი წარმატებულია, რომ შემოთავაზებები აქვს ამერიკიდანო. რა მოწვევებზეა ლაპარაკი და აპირებ თუ არა მასზე დათანხმებას?

- ამჯერად შემოთავაზება ამერიკის სამი კლუბიდან მაქვს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ერთ-ერთთან ხელშეკრულებას გავაფორმებ.

- საქართველოში ამ სპორტს მომავალი არ აქვს?

- რა თქმა უნდა, აქვს და ამის დასტურია 3 ივლისს გამართული კიკბოქსის გალა თბილისში. მსგავსი შოუ პირველად გაიმართა და მაყურებელმაც აიტაცა. ხალხით გადავსებული სპორტის სასახლეც ამის დასტური იყო.

- აქ რატომ არ დარჩი. ვითომ ვერაფერს მიაღწევდი?

- სამწუხაროდ, საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარებული არ არის, მიუხადავად რესურსისა და ხალხის ბრძოლისადმი სიყვარულისა. ხშირად არ ტარდება სპორტული ღონისძიებები, საიდანაც სპორტსმენს შეიძლება, შემოსავალი ჰქონდეთ. ამიტომ პროფესიონალი სპორტსმენისთვის საქართველოში ასპარეზობა რთულია.

- ცნობილია, რომ ამსტერდამში ოჯახით ხართ. მოგვიყევი შენს ოჯახზეც.

- მყავს მეუღლე და 5 წლის ნიტა. ის ჰოლანდიურ სკოლაში დადის და უკვე მეორე კლასშია. თამუნამ, ჩემმა მეუღლემ კი წელს გრინვიჩის უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა. ორივე ჩემი დიდი გულშემატკივარია და ხშირად ესწრებიან ჩემს ბრძოლებს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ამჯერად ჰოლანდიაში კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა უახლოეს მომავალში არის შანსი, რომ ჩემი ძალები კიდევ სხვა სპორტშიც ვსინჯო (MMA, BOX).

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- ჯერ 26 წლის ვარ და ჩემი ასაკი მაძლევს საშუალებას, გავაგრძელო აქტიური სპორტული კარიერა, რისთვისაც ჯერჯერობით სისტემატური მომზადებაა საჭირო და ეს ყველაფერი ამ ეტაპზე საქართველოში შეუძლებელია. სამომავლოდ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში.

მინდა, აღვნიშნო ჩემი სპონსორების მხარდაჭერა, რომლებიც საშუალებას მაძლევენ, განვაგრძო სპორტული წინსვლა და არაერთხელ გავახარო ქართველი მაყურებელი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "ჩვენ შორის ინცესტი არ მოხდება" - ვის საგულშემატკივროდ წავიდნენ ნინა და მიშა პარიკმახერი ამსტერდამში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია