ტუალეტი, ნიჟარა თუ საჭირო ფართი - რატომ დაიხურა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ცენტრი

ტუალეტი, ნიჟარა თუ საჭირო ფართი - რატომ დაიხურა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ცენტრი

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში - "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", რომელიც ბავშვთა ფედერაციის შენობაშია განთავსებული, პატარების ჯგუფი დაიხურა. ოფიციალური მიზეზი დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობაა.

რა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა ცენტრი და რა გახდა მისი დახურვის მიზეზი? როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, გია კაკაჩია აცხადებს, ცენტრს ოფიციალურად ფართი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ გაუუქმდა რეგისტრაცია.

"დაწესებულებას უნდა გააჩნდეს რაღაც ფართი, სადაც ის ფუნქციონირებს. ამ ცენტრში, სტანდარტთან შესაბამისობაში არ იყო ფართი, აქედან გამომდინარე მათ რეგისტრაცია გაუუქმდათ. ფართი, სადაც ეს ცენტრია განთავსებული, იყო სახელმწიფო დაწესებულების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსი, მათ არ ჰქონდათ ეს ფართი ოფიციალურად გადაცემული და გამოდიოდა, რომ ჩვენ ვაფინანსებდით ჰაერში. ჰაერში კი ჯანდაცვის სამინისტრო ვერაფერს ვერ დააფინანსებს. თუ მათ ექნებათ ფართი, აღუდგებათ შესაბამისი სერვისის მიწოდების პირობებიც. ის დრო აღარაა საქართველოში, რომ ნებისმიერი სერვისი დავაფინანსოთ. მინიმალური სტანდარტები უნდა არსებობდეს", - განაცხადა კაკაჩიამ "გურია ნიუსთან".

ამ კომენტარისგან განსხვავებით, ფართთან დაკავშირებით არაფერია ნახსენები კაკაჩიას მიერ ცენტრის თავმჯდომარე მაია ბიბილეიშვილისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში.

წერილში, სადაც ოფიციალურადაა განმარტებული, თუ რატომ მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება, ვკითხულობთ:

"გაცნობებთ, რომ "შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების" მე-11 მუხლის 2 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ 15 ბენეფიციარზე არის ერთი ხელის საბანი ნიჟარა (ცივი/ცხელი წყლით) და ტუალეტი, რომელშიც არის ვენტილაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურებაში ფუნქციონირებს 2 სველი წერტილი, რომელიც გათვალისწინებულია 30 ბენეფიციარისთვის, არსებული წერტილები არ არის ადაპტირებული და საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღის ცენტრის სარგებლობაში არსებული დარბაზი, რომელიც გათვალისწინებულია ისეთი პროგრამული აქტივობებისთვის, რომელიც ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა და 18 წელს ზემოთ შშმ პირების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს".

ამასთან, 2014 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით #1349, ცენტრს - "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" პრემიერი-მინისტრმა 5 წლით, 364,12კვ.მ ფართი, სარგებლობაში გადასცა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა