ნამუსის ფასი - იორმუღანლოში ქალებს სიკვდილით სჯიან

ნამუსის ფასი - იორმუღანლოში ქალებს სიკვდილით სჯიან

საგარეჯოს რაიონში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 17 სექტემბერს მოიკლა. თვითმკვლელობამდე 2 დღით ადრე ორი შვილის დედა მეუღლის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს, "უნამუსოაო".

"ბადიაურიდან გზა რომ მოდის იორმუღანლოში, ქმრის ნათესავები მანქანით იქ დახვდნენ. ის ბიჭი, ვის მანქანაშიც ჩემი შვილი იჯდა, გაიქცა. ჩემი გოგო დაიჭირეს და ლამბალოში წამოიყვანეს. ფეხსაცმელი გახადეს, წინდებიც, ქუჩაში დაჰყავდათ და ცემდნენ. თურმე ყველას ეუბნებოდნენ, მოდით, გაიგეთ, ამ გოგომ ეგრე გააკეთაო.

...სანამ თავს მოიკლავდა, მითხრა, ჩემი ბავშვების ნახვა მინდაო. 2 შვილი ჰყავს. ბიჭი 9 წლის არის, გოგო 12 წლის. ბავშვები მეუღლის სახლში იყვნენ. მე ვუთხარი, იქ ვინ მიგიშვებს, არ მოგკლან მეთქი. თავის მეუღლეს დაურეკა ტელეფონით. ჰაჯი, ჩემი საქმე ასე მოხდა და შენი ნათესავები ასე მომექცნენო. მე შენთან ვეღარ ვიცხოვრებო. საღამოს ჩაი დალია. გარეთ რომ გავიდა და შემოსვლა დააგვიანა, მოვიკითხე და ჩამომხრჩვალი ვნახე. სანამ ქმარი ჩამოვიდა, ნინოწმინდის რაიონში იყო, საქონელი ჰყავს იქ, თავი მანამდე მოიკლა. იმ ბიჭებს ასე რომ არ ეტარებინათ ქუჩაში, რომ ვითომ ქმარს უღალატა, თავს არ მოიკლავდა", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის დედამ ეთერ ჯეირანოვამ.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. "ქალი ყვიროდა, მიშველეთო, მაგრამ არავინ უშველა", - ამბობს მაღაზიის გამყიდველი, რომელიც ფაქტს პირადად შეესწრო.

- რატომ არ დაეხმარეთ, პოლიციაში რატომ არ დარეკეთ?

- ”რა ჩემი საქმეა. ცუდ გზას რატომ დაადგა? შარის თავი არ მაქვს. მეტს ვერაფერს გეტყვით", - ამბობს მაღაზიის გამყიდველი.

"ყვიროდა, მიშველეთო, მაგრამ არავინ დაეხმარა. ქმარს არ უნდა უღალატოს. ასე ხდება ხოლმე, როცა ამ წესებს არღვევენ. მერე გავიგეთ, რომ თავი მოიკლა", - ამბობს მეორე თვითმხილველი. ვინაობის გამჟღავნებას ყველა ერიდება.

გარდაცვლილის მეუღლის, ჰაჯი კასანოვის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებმაც მისი ცოლი დაიჭირეს და ქუჩაში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენეს, მისი ნათესავები არიან: აივაზ, ნოვრუზ, ტელმან და აფკან კასანოვები და ელჩინა ტეიხანოვი.

"გოგომ დამირეკა. ჩვენმა ნათესავებმა დამიჭირეს და შარი მომდეს, ქუჩაში მატარეს და მცემესო. მე მთაში ვიყავი. რომ მოვედი, უკვე მკვდარი იყო. ცოცხალი არ მინახავს. ტელეფონში მითხრა, რომ ტყუილად ამბობენ, შარი მომიდესო. ჩემს ცოლს მე თვითონ მივხედავდი, მათ ქუჩა-ქუჩა არ უნდა ეტარებინათ. ამის გამო მერე თავი მოიკლა", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე ჰაჯი კასანოვი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა