''თურქული ვნება'' - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ''პალიტრა ტვ''-ზე დღეს საღამოს, 19:30 წუთზე გავა ეთერში. სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად სერიალში ბრაზილიელი სექს-სიმბოლო როდრიგო ლომბარდი თამაშობს. როდრიგოს მონაწეილეობით არაერთი ბრაზილიური სერიალი გასულა ქართულ ტელესივრცეში და მან უკვე დიდი ხანია დაიპყრო ქართველი ქალბატონების გულები, მაგრამ წერილმა, რომელიც ორი დღის წინ რედაქციაში მოვიდა, ყველა გაოცებული დაგვტოვა.
ქეთი, 33 წლის:
13 წლის ვიყავი როდესაც ერთ-ერთი მეზობლისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი. ჩემს ქალაქში გამორჩეული გარეგნობის გამო ყველა მიცნობს, მაგრამ სილამაზემ ცხოვრებაში კარგი არაფერი მომიტანა.
სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი. არცერთი მამაკაცი არ მიყვარდა, არადა მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ ჩემი გათხოვება. ალბათ ფიქრობდნენ, რადგან აყვანილი ვიყავი, პატრონს თუ დროზე ჩამაბარებდნენ, თავადაც მშვიდად იქნებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისთვის ჯერ არ მიკოცნია, ჩემს ქალაქში სახელი მაქვს გატეხილი და ყველას ჰგონია, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ქალი ვარ და ხშირად მაწუხებენ მამაკაცები.
ალბათ გაგიკვირდებათ, თუ ასეთი ლამაზი ვარ და თან 33 წლის რატომ არ მაქვს სურვილი, რომ ოჯახი შევქმნა, ან ვინმე მიყვარდეს. ამის მიზეზი კი ბრაზილიელი მსახიობი როდრიგო ლომბარდი გახლავთ. პირველად რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სეიალში ვნახე და მას შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა მასთან შესახვედრად.
სამი წლის წინ დედობილი გარდამეცვალა, მალე მამობილიც მიჰყვა და სამოთახიან სახლში მარტო დავრჩი. ეკონომიურად ძალიან გამიჭირდა. ოცნება ბრაზილიაზე საპნის ბუშტივით ჩამეფუშა. ერთხელ ისიც ვიფიქრე, რომ სახლი გამეყიდა, ყველა და ყველაფერი დამეკიდებინა და წავსულიყავი. თუნდაც ქუჩაში გამეთენებინა ღამეები და მსახიობამდე მაინც მიმეღწია, მაგრამ ვერ გავბედე.