იტალიის პოლიცია მედდას 38 ადამიანის მკვლელობაში სდებს ბრალს. სამართალდამცავთა აზრით, 42 წლის დანიელა პოჯიალის პაციენტები აღიზიანებდა, რის გამოც, იგი კალიუმი ქლორიდის ნემსებს უკეთებდა მათ. ამ ნივთიერებას გულის გაჩერება შეუძლია. სასიკვდილო ინექციის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი მსხვერპლთან სურათს იღებდა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც უეცრად 78 წლის პაციენტი როზა კალდერონი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ისეთი დაავადებით მოხვდა, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა.
პოლიციელებმა საავადმყოფოს არქივის შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში საავადმყოფოში მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობა. აღმოჩნდა, რომ საერთო ჯამში საავადმყოფოში 83 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 26 იმ განყოფილებაში იწვა, სადაც დანიელა მუშაობდა.
პოჯიალის ერთ-ერთი კოლეგის თქმით, კალდერონის სიკვდილის შემდეგ, მედდამ მას მიცვალებულთან ერთად სურათის გადაღება სთხოვა, ეჭვმიტანილი ეიფორიაში იმყოფებოდა.