ცნობილი წყვილები, მით უმეტეს პოლიტიკოსები და მათი მეორე ნახევრები ყოველთვის იპყრობენ ხალხის ყურადღებას. ისინი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან, ხშირად აკრიტიკებენ მათ გარეგნობას, ჩაცმულობას, ქცევას და ა.შ. თუმცა მათ შესახებ საკუთარი კრიტიკული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება ბევრს არ შეუძლია. დიზაინერი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ამ მხრივ გამონაკლისია, ის ქართულ პოლიტიკაში ყველაზე შეუფერებელ წყვილებს ასახელებს.
– რატომ თვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი არის შეუფერებელი წყვილი?
– პირველ რიგში, შეუფერებელ წყვილად დავასახელებდი მიხეილ სააკაშვილს და სანდრა რულოვსს. სააკაშვილი ძალიან ემოციურია და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურად იქცეოდა. სანდრა გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანია. განსხვავდებიან ჩაცმის სტილით - მიშას უყვარს დაკუჭული, დაღეჭილი, ჭრელი სამოსი. ამის მიუხედავად, მას ყოველთვის გემოვნებიანი სამოსი აქვს შერჩეული, უბრალოდ ფერებს ვერ უხამებს ერთმანეთს, სანდრა კი ყოველთვის სადად იმოსება. სანდრას ყოველთვის უგემოვნოდ აცვია.
– დავით სერგეენკოს და მის მეუღლეს რატომღა თვლი შეუფერებლად?
– მახსენდება მარგველაშვილის ინაუგურაციის დროს, პარლამენტის წინ რომ აძლევდა ინტერვიუს სერგეენკოს მეუღლე. ამ შემთხვევაში, პირიქით არის, ქმარი გაწონასწორებული ადამიანია. ჩემი აზრით, სერგეენკოს მეუღლე რომ იყოს სააკაშვილის მეუღლე და სანდრა რულოვსი სერგეენკოს ცოლი, უფრო დაცული იქნება ბალანსი. თმის ფერზე თუ ვიმსჯელებთ, მოსწონს ალბათ, წითელი თმა და წითური ლოყები.
– ირმა ნადირაშვილსა და დავით დაღელიშვილზე რას იტყვი?
– შემიძლია ვთქვა, რომ ირმა ნადირაშვილი და მისი მეუღლე საერთოდ არ უხდებიან ერთმანეთს. ახლა ვნახე პირველად მისი მეუღლის ფოტო. მეუღლეს მკვლელის, ირმას კი სადისტური გამომეტყველება აქვთ.
– ქალაქის მერს სწორად ჰყავს არჩეული მეორე ნახევარი?
– ჩვენი თბილისის მერი და მისი მეუღლე თიკა თინიკაშვილი არ უხდებიან ერთმანეთს. დავით ნარმანიას პროვინციული ჰაბიტუსი აქვს, მეუღლე კი დიდგვაროვნების ოჯახში გაზრდილ, არისტოკრატ ფრანგ ქალს მაგონებს, რომლებსაც თეთრი სახის კანი ჰქონდათ. ცოლი, მგონია, დიდგვაროვანი პარიზული ოჯახიდან არის და მეუღლე სოფელ კოკიდან. ამიტომ ვთვლი, რომ არ უხდებიან ერთმანეთს.
– გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი...
– ესენი ვიზუალურად უხდებიან ერთმანეთს, მაგრამ მეტყველებით არა. იმიტომ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ძალიან სწრაფად ლაპარაკობს, ემოციური მოსაუბრეა. გიგა ბოკერიაც სწრაფად საუბრობს, მაგრამ გაურკვეველი ენით.
– ელისო ჩაფიძე და მისი ქმარი შესაფერისი წყვილია?
– არ უხდებიან ერთმანეთს. მე როგორც ვიცი, დაახლოებით ერთი ასაკის არიან, მაგრამ მამა-შვილს უფრო ჰგვანან. კაცი ბევრად უფროსი ჩანს. ქალი ჯობია კაცს. ამბობენ, ბიძინამ გაათხოვაო და თუ ამ კაცზე გაათხოვა, ვერ ყოფილა კარგი მაჭანკალი.
– ირაკლი ალასანიასა და მის მეუღლეზე რას იტყოდი?
– მე ვფიქრობ, რომ ალასანია და მისი მეუღლე არ შეეფერება ერთმანეთს. მგონია უფრო დახვეწილი ქალი მოუხდებოდა. უფრო გამხდარი და მოდელის აღნაგობის გოგონა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნათია ფანჯიკიძე არ არის სიმპატიური.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE