5 ამერიკული სერიალი, რომელსაც 2015-ში მილიონობით მაყურებელი ელის

5 ამერიკული სერიალი, რომელსაც 2015-ში მილიონობით მაყურებელი ელის

Game of thrones

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალი "სატახტო თამაშები" 2015 წლის აპრილში მეხუთე სეზონით დაბრუნდება სატელევიზიო სივრცეში. როგორც წინასწარ არის ცნობილი, გამოჩნდებიან ახალი პერსონაჟები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიგნების ავტორს მეექვსე ნაწილზე მუშაობა კვლავ არ დაუმთავრებია. სერიალის მეექვსე სეზონი ისე გავა ეთერში, რომ წიგნი ჯერ კიდევ არ იქნება გამოშვებული. ამიტომ შემქმნელები სერიოზულ კონსულტაციებს გადიან მარტინთან, რომ მკითხველები ძალიან არ გააწბილონ და სერიალი ნაწარმოებთან ახლოს იყოს.

The leftovers

არხ HBO-ს ახალი პროდუქცია "ნარჩენები" 2014 წლის შემოდგომის საუკეთესო სერიალი აღმოჩნდა. "დაკარგულების" ერთ-ერთი შემქმნელის, დეიმონ ლინდელოფის ახალი სერიალი ტომ პეროტას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით მიმდინარეობს. სიუჟეტი ასეთია: დედამიწაზე 14 ოქტომბრის ერთ კონკრეტულ წამს 140 მილიონი ადამიანი გაქრა. პირდაპირ, ყოველგვარი კვალის გარეშე პლანეტის მოსახლეობის 2% ამოუხსნელი მიზეზების გამო აორთქლდა. რა ტიპის სელექცია მოხდა და რა კატეგორიის ხალხი გაუჩინარდა, ამის ამოხსნა შეუძლებელია, რადგან გაქრნენ როგორც პედოფილები, მოძალადეები და გარი ბიუსი, ისე ფილანტროპები, ახალშობილები და რომის პაპი.

მეორე სეზონი შემდეგ წელს გამოვა, გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება. მოკლედ, თუ "დაკარგულების" შემდეგ მსგავს თავგადასავალს ეძებთ, აუცილებლად უყურეთ ლინდელოფის ახალ სერიალს.

The strain

ვამპირების თემატიკა ალბათ ყველაზე მეტად გადაღეჭილია ვიზუალურ ხელოვნებაში. აურაცხელი რაოდენობის ისტორიები გადაიღეს და მათგან მხოლოდ ერთეულებზე შეიძლებოდა თქმა, რომ კარგი იყო. წელს გილერმო დელ ტორომ საკუთარი წიგნის მიხედვით შექმნა სერიალი, რომლის პირველი სერიებიც თავად გადაიღო. The strain ისეთი ვამპირების შესახებ ყვება, როგორიც აქამდე კინოეკრანებზე არ გვინახავს. სერიალში უხვადაა გრაფიკული ძალადობის სცენები, საინტერესო პერსონაჟები და დამაჯერებელი სპეცეფექტები. საინტერესო და ჩამთრევი სიუჟეტი კი სულ უფრო გაგიზრდით მოთხოვნას, მეტი შეიტყოთ ამ ისტორიის შესახებ. როგორც "ნარჩენები", The strain-ც 2015 წელს გამოვა, ოღონდ არ არის დაზუსტებული, რომელ თვეში.

True detective

"ნამდვილი დეტექტივი" ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სატელევიზიო პროდუქტი მხატვრულს უტოლდება და აღემატება კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ ის რევოლუციაა თანამედროვე ტელესივრცეში. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისი მხატვრული ღირებულება მთლიანად გასცდა მცირე ეკრანის ჩარჩოებს. სიუჟეტი იმდენად მრავლისმთქმელი აქვს, რომ შეუძლებელია არ მოჯადოვდეთ და შემდეგ დიდი ხანი არ ისაუბროთ მის შესახებ ნაცნობ-მეგობართან. რაც შეეხება სამსახიობო ანსამბლს, ის აზრი, რომ სატელევიზიო სივრცეში პირველი კლასის ვარსკვლავები თაკილობდნენ მონაწილეობას, ამ სერიალმა დაასამარა. მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ. მათი პერფორმანსები ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც კი ოდესმე სატელევიზიო ნაწარმში იხილავთ. მუდმივი მისტიკა, დაძაბულობა, დამაინტრიგებელი პერსონაჟები...

"ნამდვილი დეტექტივის" მეორე სეზონში კოლინ ფარელი, ტეილორ კიტჩი, რეიჩელ მაკადამსი და ვინს ვონი ითამაშებენ. აქაც უცნობია, შემდეგი წლის რომელ თვეში გამოვა "ნამდვილი დეტექტივი".

Mad men

"შეშლილებში" მოქმედება 60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება, ნიუ იორკში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო სააგენტოში. დახვეწილი დეკორაციები და ძველმოდური, მომნუსხველი არქიტექტურა, ულამაზესი კოსტუმები, ბევრი ვისკი და ბევრი სიგარეტი. სერიალის მთავარი გმირი, ენიგმატური და საოცრად მომხიბვლელი დონ დრეიპერი, შეუძლებელია ეკრანზე პირველივე გამოჩენისთანავე თქვენი ოცნების მამაკაცი არ გახდეს. ამასთან, თუ ამერიკის უახლესი ისტორიით ხართ დაინტერესებული, სერიალი ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც ზედაპირულ შთაბეჭდილებას შეგიქმნით მთელი დეკადის პოპ კულტურის, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ.

სერიალის შვიდი სეზონია გამოსული და დასკვნითი, მერვე სეზონი 2015 წლის აპრილში დაიწყება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს