ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში დათვების შემოსევაა. ნადირის მიერ სოფლისთვის მიყენებული ზარალი სერიოზულია, უფრო მეტიც, მხეცმა შესაძლოა, ადამიანიც შეჭამოს.
ჭანიეთის თემის, სოფელ ქაქუთის ცენტრალური გზიდან, ასიოდე მეტრის დაშორებით მდებარე ხევში, დათვი ამავე სოფლის მკვიდრის, სერგო ბოიაჯანის ძროხას თავს დაესხა.
"პირუტყვის განწირული ბღავილი რომ გავიგონეთ, სასწრაფოდ გავიქეცით. ძროხა დაკბენილი ეგდო და საცოდავად ღმუოდა. დათვი, ეტყობა, ყვირილის ხმაზე გაიქცა, თუმცა, ნაფეხურები აშკარად ეტყობოდა მიწას. ახალდაღამებული იყო და მეზობლების დახმარებით, ძროხა გაჭირვებით ამოვიყვანე სახლამდე. დავკალით, მაგრამ არც ერთმა მაღაზიამ არ მიიღო. გვითხრეს, ბათუმში, საძეხვე საამქროს ჩააბარეთო. წავიღეთ და იმდენი ნაწილი ააჭრეს, 500-კილოიანი ძროხისგან 100 კილო ხორციც არ დარჩა. ამ ძროხის იმედად მყავდა ოჯახი", - ამბობს ადგილობრივი სერგო ბოიაჯანი.
სოფელს ნადირი დღის საათებშიც ესხმის თავს, ჭანიეთის მოსახლეობა შეშინებულია.
"ახლა ამ დათვს ბაბაიას ნამდვილად ვერ დავუძახებთ. სანადიროდ გახვალ და მოკლავ? შარს აქეთ მოგდებენ, არადა, თუ არ მოკლეს, შესაძლებელია, მალე ადამიანიც იმსხვერპლოს, შინაურ პირუტყვს ვიღა ჩივის? რაღაც უნდა იღონოს სოფლის და რაიონის ხელმძღვანელობამ, შველას ვითხოვთ. იმედია, ახლა ამისთვის გზის გადაკეტვა და საპროტესტო აქცია არ დაგვჭირდება. აღარაა იმის ცდის დრო, რომ სოფელში ჩამოვარდნილი ნადირი რაღაც საშუალებებით დავაფრთხოთ და დროებით ტყისკენ ვაბრუნებინოთ პირი. ორიოდე დღეში მოშივდება და ისევ უკან დაბრუნდება. კვირა არ გავა, ძროხა არ შეჭამოს ან ბაღი არ გააჩანაგოს", - ამბობენ ჭანიეთელები.