მეწყერი რამდენიმე სოფელში და დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი გზები - რეგიონებში უამინდობა გრძელდება

მეწყერი რამდენიმე სოფელში და დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი გზები - რეგიონებში უამინდობა გრძელდება

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გურიაში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. გაითიშა ელექტროენერგია და პრობლემები შეექმნა ინფრასტრუქტურასაც. სტიქიამ, სოფელ ნაგომარში მცხოვრები თამაზ მარკოიძის ოჯახი დააზარალა, ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის აივნის ნაწილი.

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მწყობრიდან გამოვიდა 35 კილოვატიანი გადამცემი ხაზი. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს - გურიანთას, მერიას, კონჭკათს და ხვარბეთს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. გურიის მხარის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ, შესაბამისს სამსახურებთან ერთად ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემური ადგილები მოინახულა.

გიორგი ჩხაიძემ ოზურგეთში გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე გზის ჩამოშლილი ტერიტორია დაათვალიერა. უკვე მოგვიანებით კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული ადგილების დასათვალიერებლად და ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩავიდა.

"აღნიშნული სტიქიით ყველაზე მეტად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. კოკისპირული წვიმის გამო სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, იქ მცხოვრებ ოთხ ოჯახს საფრთხე შეექმნა და ამ ოჯახთა ევაკუირება გახდა აუცილებელი. მთავარია, რომ აქ მცხოვრები ადამიანები საფრთხეს ავარიდეთ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ოჯახები დროებით ახლობლებთან დაგვებინავებინა. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები დღეიდან შეისწავლიან," - განაცხადა გუბერნატორმა.

სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია გურიის მხარეში შემავალ ყველა სოფელს მიეწოდება.

დიდთოვლობის გამო კი ხულოში ტრანსპორტის, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობა გართულებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურში განუცხადეს , სოფელ ვაშლოვანსა და სოფელ წაბლანაში პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ავტომობილი მისვლას ვერ ახერხებს.

"ხულოში, სოფელ ვაშლოვანში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გავიდა, მაგრამ მანქანა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა, საკაცით უნდა ამოიყვანონ პაციენტი. მეორე შემთხვევა არის წაბლანაში 7 წლის ბავშვს აპენდიციტის შეტევა აქვს. სასწრაფო დახმარების სამსახური ცდილობს ადგილზე მისვლას", - განაცხადეს სამაშველოში.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს, ხოლო დაბებში ნახევარ მეტრზე მეტია. გამგებლის თქმით, ვაშლოვანის და წაბლანას მიმართულებით გზების გასაწმენდად სპეცტექნიკა გასულია.

ხულოს მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა