ალასანიას გადაყენება პრიმიტიული და წინდაუხედავი ნაბიჯია - გიორგი ზურაბიშვილის პოლიტიკური პოსტი

ალასანიას გადაყენება პრიმიტიული და წინდაუხედავი ნაბიჯია - გიორგი ზურაბიშვილის პოლიტიკური პოსტი

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას მოხსნას ეხმაურება და პოლიტიკურ პოსტს აქვეყნებს.

"მინდა პოლიტიკური პოსტი დავწერო და სხვადასხვა სააგენტოებისთვის თავიდანვე ვიტყვი, რომ მამაჩემს ჩემს მოსაზრებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს იმისთვის, რომ მერე არ წაიღონ: "დავით ზურაბიშვილის შვილმა თქვა ეს, დავით ზურაბიშვილის შვილმა თქვა ის..." ვარ 24 წლის სრულწოლვანი ადამიანი და გამაჩნია საკუთარი ანალიზის უნარი.

მოკლედ: ალასანია ერთ რამეში არის მტყუანი - მის გადაყენებასთან საქართველოს გარე პოლიტიკას და ევრო-ატლანტიკური კურსის შეცვლას არანაირი კავშირი არ აქვს. ამ თემაზე მათი მხრიდან აქცენტის გაკეთება თავიდანვე არასწორი იყო. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში არანაირი პრო-რუსული ძალა არ არსებობს. ჩემი აზრით, ალასანიას გადაყენება უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე პრიმიტიული და აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯია.

ვფიქრობ, საქმე მარტივადაა: ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ ქვეყნისა და ბიზნესის მართვა ერთი და იგივეა საქმეა. იგი პოლიტიკაში მოქმედებს ისე, როგორც ბიზნესში, რაც არასწორია. ივანიშვილს უნდა ყველაფერი თვითონ მართოს და სხვას მინიმალური ბერკეტი დაუტოვოს. საბოლოოდ მან დატოვა მედიატორი ღარიბაშვილი და იგი ეყრდნობა იგივე კადრებს, ვისაც ნაციონალები ეყრდნობოდნენ: დამონებული ჩინოვნიკები და ძალოვანი სტრუქტურები. შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ზონდერი მაინც, რომელიც გასამართლდა? ვერ დამისახელებთ, იმიტომ რომ ძველი ზონდერები იგივე თანამდებობზე რჩებიან. ძალოვანი სტრუქტურები სააკააშვილის წასვლის შემდეგ კი არ დასუსტდა და დაიშალა, არამედ გაძლიერდა. ნეპოტიზმი კი არ მოისპო, პირიქით - გაათმაგდა!

პროგრესი მარტო ის არის, რომ რასაც აშავებდნენ, შენ არ დააშავო? სადაც საქმის კეთება და რეალური წინსვლა იყო აუცილებელი, იმ სფეროებში, ორი წლის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არაფერი გაკეთებულა. ძირითადად თანამდებობებზე მუშაობენ სასწაულად არაკვალიფიციური და არაფრისმცოდნე კადრები. ორი წლის განმავლობაში, ძალაში შევიდა ძალიან ცოტა ეფექტური კანონპროექტი და პარლამენტში მხოლოდ იმას ვისმენთ, თუ რას გვიშვებოდა ცხრა წლის მანძილზე ეს ნაციონალური მოძრაობა. ვიცით ბატონო! მე და ჩემ ოჯახს რომ შეგვეხო ეგ რეჟიმი, ისე ბევრს არ შეხებია, მაგრამ რაც იყო - იყო! ახლა წინსვლაა საჭირო და არა წარსულზე ლაპარაკი. თუ დამნაშავეები არიან (და არიან) მაშინ რატომ არავის ასამართლებენ? ეს შემთხვევით არ ხდება. ნაციონალური მოძრაობის არსებობა ხელისუფლებისთვის დიდი პლიუსია და არავის აწყობს მათი საბოლოდ გადაშენება/გასამართლება. როცა საჭირო იქნება, გამოვლენ და გვეტყვიან: "აბა ესენი გინდათ ხალხნო, ეს მეცოცხეები?"

პლიუს ამ ხელისუფლებას ახასიათებს ერთი საშინელი თვისება, რაც ნაციონალებშიც ძალიან მაღიზიანებდა - მათ არ შეუძლიათ არანაირი კრიტიკის მიღება. ისინი ებრძვიან ყველანაირ განსხვავებულ აზრსა და პოზიციას. ჩემი აზრით, რესპუბლიკური პარტიის თითქმის არცერთი წევრი წამყვან თანამდებობაზე სწორედ ამიტომ არ არის (სამინისტროები, თვითმართველობები, გამგეობები) და სწორედ ამიტომ მოხდა ალასანიას გუნდის მიზანმიმართული "დაძირვა." უბრალოდ, ამ ადამიანებს ჭკუა და შორსმჭვრეტელობა არ ყოფნით. პოლიტიკა ბიზნესი არ არის, რომ კონკურენტები "დაძირო."

თავისთავად რაც ხდება, ვფიქრობ ქვეყნისთვის ცუდი არ არის. ნელ-ნელა ალასანია-რესპუბლიკელების გარშემო უნდა გამოიკვეთოს მესამე, შედარებით ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ქვეყნის მთავარ ოპიზიციას ჩაანაცვლებს და ღარიბაშვილს დაეჯახება, რომელსაც მალე გვერდით მხოლოდ თამაზაშვილები, ბესელიები და ჯაჭვლიანები შემორჩება. იმედია ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს