1994 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი "სასწაული" და მეგობრად ქცეული მხედრიონელი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი

1994 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი "სასწაული" და მეგობრად ქცეული მხედრიონელი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი

პარტია "იმედის" თავმჯდომარე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მეუღლე, ირინა სარიშვილი 1994 წლის დეკემბერში მომხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც გია ჭანტურიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა.

"ადამიანური ურთიერთობები რთულია... ყველაფერს ვერ ახსნი, ვერ გადმოსცემ, ხანდახან ყოველგვარი სიტყვების და ემოციების გარეშე ისეთი სასწაული შეიძლება მოხდეს, რომ გგონია, ყველაზე მაგარი ხარ და არაფერი გეშლება, სულ სხვანაირად დაგანახოს ყველაფერი, გაგათბოს, უფრო კეთილი თუ კეთილგონიერი გაგხადოს ყველას და ყველაფრის მიმართ.

1994 წლის 3 დეკემბერს რაც მოხდა, ალბათ ყველას ახსოვს: მოკლეს გია ჭანტურია, მერაბ ბარამია, რომელიც მე გადამეფარა გიას მანქანიდან გადასვლის შემდეგ, მრავლობითი ჭრილობების შედეგად 4 დეკემბერს გარდაიცვალა, მე მძიმედ დაჭრილი და ნაოპერაციები ვიმყოფებოდი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროს, არ მახსოვს, რამდენ დღეში 3 დეკემბრიდან, საავადმყოფოში შემოიყვანეს კიდევ ერთი დაჭრილი - მხედრიონელი გიგა არველაძე, რომელიც გულში ნასროლით სასწაულით გადაურჩა სიკვდილს და დღეს ინვალიდის სავარძელშია.

საავადმყოფოში მდგომარეობა დაიძაბა: ქვედა სართულზე მე ვწევარ დაჭრილი, ხოლო ზედა სართულზე გიგაა არველაძე, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში, თან მხედრიონელი. მაშინ კი ჩვენსა და მხედრიონს შორის ურთიერთობა გასაგები მიზეზების გამო უაღრესად დაძაბული იყო. ჩვენზე განხორციელებულ ტერაქტში შემსრულებლებად გიგაზე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად, სწორედ მხედრიონზე იყო ეჭვი... სიტუაცია ძალიან დაიძაბა: ჩემს სართულზე ჩემი ბიჭები და დაცვა; ზედა სართულზე - მხედრიონელები და ასევე დაცვა. რამდენიმე დღე ასე გავატარეთ ერთად... ღვთის წყალობით, არაფერი მომხდარა... ალბათ ორივე მხარის კეთილგონიერების გამო.

მაგრამ ეხლა სულ სხვა რამის გახსენება მინდა.

იმ დღეებში, ერთ-ერთ დღეს, ჩემთან შვიდი ზეთისცხების აღსასრულებლად მოვიდნენ მღვდლები, დაახლოებით ერთსაათიანი რიტუალის შემდეგ ნაკურთხი ზეთი მინის პატარა სინჯარაში ჩაასხეს და მომაწოდეს საწოლში. არ ვიცი, მაშინ რა მომივიდა ან რა გავიფიქრე... ერთი რაც მახსოვს, მღვდელს ხელი მოვკიდე და ვთხოვე, ეგებ ეს ზეთი ცოტა მეორე სინჯარაშიც გადაასხათ და გიგა არველაძეს აუტანოთთქო. ყველა გაჩუმდა... მერე ქეთი მაჭავარიანმა, რეანიმატოლოგმა, რომელიც იმ პერიოდიდან ჩემი უახლოესი მეგობარია, უცებ დაავლო ხელი ცარიელ სინჯარას, მღვდელმა უხმოდ გადაასხა მასში ნაკურთხი ზეთის ნახევარი და ისევ ქეთის მიაწოდა... ქეთიმ ერთი გადმომხედა, თითქოს გადაამოწმა, რამე ხომ არ გადავიფიქრე, მე თავი დავუქნიე და ისიც პალატის კარისკენ წავიდა... და ამ დროს მოხდა საოცრება: ქეთი ჯერ კიდევ კართან იდგა, რომ კარი გაიღო და პალატაში ყვავილების თაიგულით ხელში გიგა არველაძის პატარა ბიჭი შემოვიდა, მამამ თქვენთან გამომატანაო... ეს ყველაფერი წამებში მოხდა... ამ "დამთხვევამ" კი არა, სინათლემ უზარმაზარი სიბნელე გადაფარა და ყველაფერი განათდა...

ამ ამბიდან კარგა ხნის მერე, გიგა სავარძლით მესტუმრა შინ და თავისი შეუდარებელი იუმორით ერთი მითხრა: "კეთილი იყოს ჩემი ბორბლები შენს ოჯახშიო"...

დღეს მე და გიგა მეგობრები ვართ...", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს