"უპრინციპო", "სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი" - რას უწოდებენ და რას არ პატიობენ ახლად დანიშნულ მინისტრს

"უპრინციპო", "სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი" - რას უწოდებენ და რას არ პატიობენ ახლად დანიშნულ მინისტრს

თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობების შემდეგ 2013 წლიდან "ქართული ოცნების" მთავრობის წევრია, - ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ვიდრე სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს მაია ფანჯიკიძე დატოვებდა. თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა პოსტი,  თუმცა ბერუჩაშვილმა გადაწყვეტილება სულ მცირე ხანში შეცვალა და სამინისტროში ახლა უკვე მინისტრის პოზიციაზე დაბრუნდა.

"ეს იყო "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობა", - ასეთი ახსნა მოუძებნა თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას და ის დღეიდან, პრემიერ ღარიბაშვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრია.

თამარ ბერუჩაშვილის მინისტრად დანიშვნას სოციალურ ქსელში ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მის მიმართ "ნაციონალების" დამოკიდებულება ცხადია, ცალსახად ნეგატიურია.

გოგა ხაჩიძე თამარ ბერუჩაშვილის და მაია ფანჯიკიძის ფოტომონტაჟს ავრცელებს და წერს, რომ ერთადერთი განსხვავება მათ შორის ჩაცმულობასა და ვარცხილობაშია.

Facebook/გოგა ხაჩიძე:

"ამ ცვლილებაზე ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ უცხოელებს ვაბნევთ, ვითომ იგივე დავტოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრად.

არაფერი კაცო, ცოტა ვარცხნილობა შეიცვალა და პიჯაკი ჩაიცვა სხვა, თორემ არაფერი შეგვიცვლია", - წერს გოგა ხაჩიძე.

მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრზე Facebook-ზევე გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება დავით დარჩიაშვილმა და მარიამ საჯაიამაც.

Facebook/დავით დარჩიაშვილი:

"რა არის ეს, ანტიკური მითების პაროდირებული გათამაშება? მეჯვარემ სასიძოს საცოლე მოსტაცოს - გამიგია. სიგიჟეა, ვნებაა. მაგრამ უფროსს გაყვე გადადგომაში, მისცე ამას პოლიტიკური სარჩული და მერე U turn გააკეთო მის ადგილზე დასასკუპებლად?! როგორ გენდოთ ამის მერე საგარეო პოლიტიკის თქვენეული გაგების თანამიმდევრულობაში? (ნუ, გასაგებია, ყველაფერს ბიძინა აკონტროლებს, მაგრამ მაინც)", - წერს დარჩიაშვილი.

Facebook/ მარიამ საჯაია:

"ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებს "პიროვნება", რომელიც ფიქრობს, რომ მთავრობამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს, მაგრამ თანამდებობის გამო კურსის ცვლილება მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს ...

მოკლედ, უპრინციპო ადამიანმა ხალხის მიერ არჩეული პრინციპი როგორ უნდა დაიცვას, მე ამ ლოგიკას ვერასდროს გავიგებ!", - ამბობს მარიამ საჯაია.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მსგავსად, ღარიბაშვილს გადაწყვტილებას უწუნებს ირინა სარიშვილიც.

Facebook/ირინა სარიშვილი:

"თამარ ბერუჩაშვილი – ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი...

რამდენიმე დღის წინ ალასანიასთან ერთად ბრალს დებდა დღევანდელ მთავრობას საგარეო ვექტორის გადაღუნვაში...

ცოტა ხნით ადრე დანიშვნამდე განაცხადა, რომ მისი ეს პოზიცია "ემოციური და სოლიდარული გაუგებრობით" იყო განპირობებული, აქო და ადიდა მთავრობა და შედეგმაც არ დააყოვნა...

ქოცებო! არა, უფრო მოფერებით, ქოცუნიებო! სად იპოვეთ ეს სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ქალბატონი?

პირდაპირ რომ თქვათ, ნაციონალებს ვაბრუნებთ ხელისუფლებაშიო, არ ჯობია ვითომ? თადარიგს მაინც დავიჭერთ!

კაი, ეხლა თამაშობთ და ერთობით! ღმერთმა სულ გართობის ხასიათზე გამყოფოთ, მაგრამ ამ გადაღუნულ საგარეო სექტორს რა ვუყოთ? ასე თამაშ- თამაშით რომ სვამთ გაუგებრობაში მყოფ ადამიანებს სკამებზე, თქვენ თვითონ რომ უკვე გადაღუნულზე ხართ შემომხტარი, ამას ხვდებით მაინც? არა მგონია...", - წერს ირინა სარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა