კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ეხმაურებიან.
სალომე ზურაბიშვილი:
"გაგიკვირდებათ ზოგიერთებს და ზოგს არა.... მაგრამ მეწყინა.... !
მეწყინა, რადგანც ამ ადამიანმა ცუდი რაც გააკეთა, ჯერ არავის დაუმტკიცებია (ვგულისხმობ ქვეყნის აქტივებს რუსეთზე გაყიდვის ბრალდებებს, რაშიდაც მგონი მეტს აბრალებდნენ, ვიდრე რეალურად იყო მის პასუხისმგებლობაში და რომელ საქმეშიც ბევრად უფრო კარგად მოკალათებულნი სხვებიც იყვნენ ბეჟუაშვილები და სხვები), კარგი საქმე კი მე ვიცი ერთი: მისი დაარსებული უნივერსიტეტი, ცოტა ხნის წინ დავათვალიერე და ამ საქმეს რომ ხელს მოკიდებს ადამიანი და მას ასეთ დასრულებულ სახეს მისცემს, უნდა უთუოდ დაუფასდეს... ქართული განათლებისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ვერ გადიან ქვეყნიდან სასწავლებლად მეტი გააკეთა ვიდრე ნებისმიერმა განათლების მინისტრმა დღემდე.... ამიტომ მის სტუდენტებთან ერთად მეც მეწყინა!".
ირინა სარიშვილი:
"კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ძალიან მეწყინა, დიდ პატივს ვცემდი მის პროფესიონალიზმს და შეუდარებელ,"დაუნდობელ" იუმორს. უძლიერესი პიროვნება იმ თითზე ჩამოსათვლელ ქართველთა შორის, რომელიც მართლა ზრუნავდა განათლებაზე!
P.S. კომენტარებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, შეგახსენოთ:
ეს სამგლოვიარო განცხადებაა, სადაც ჩემს პირად წუხილს გამოვთქვამ ადამიანზე, რომელზეც ყოველთვის ასეთი აზრი მქონდა და არც დამიმალავს! სამწუხაროდ, იძულებული ვარ შეგახსენოთ, ვისაც ეხება: ეს სამგლოვიარო განცხადებაა და არა სტატია. ამიტომ თუ სხვა აზრი გაქვთ კახა ბენდუქიძეზე, ან ხუმრობის ხასიათზე ხართ, არ არის აუცილებელი ამ სტატუსზე მეც ჩამაყენოთ საქმის კურსში: ადამიანი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, ეს სამგლოვიარო განცხადებაა და მე ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემდი! პატივი ვცეთ ერთმანეთს, მგონია გასაგებად ჩამოვაყალიბე. არცერთ უადგილო კომენტარს პასუხს არ გავცემ, უბრალოდ წავშლი!".
შეგახსენებთ, კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.