"ჩემს თვალში ეს კაცი გმირია" - კოკო გამსახურდია დაუმუშავებელ და გაყიდულ ქართულ მიწებზე

"ჩემს თვალში ეს კაცი გმირია" - კოკო გამსახურდია დაუმუშავებელ და გაყიდულ ქართულ მიწებზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში დაუმუშავებელი და გაყიდული ქართული მიწის პრობლემის შესახებ წერს.

"გუშინ სამეგრელოში გახლდით. გზად იმერეთი და ქართლი გავიარეთ. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ უამრავი მიწაა დაუმუშავებელი. მთელი მასივები, შეიძლება ითქვას.

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ჩვენი საკვები პროდუქტების ორი მესამედი მაინც იმპორტით შემოგვაქვს. დაუმუშავებელი მიწების დიდი ნაწილი შესაძლოა გაყიდულია და არის დაკონსერვებულ მდგომარეობაში. კაცმა არ იცის, რას ელოდებიან მათი პატრონები.

მიწები მე-19 საუკუნეშიც იყიდებოდა, როდესაც ქვეყანაში ილიას საადგილმამულო ბანკი ფუნქციონირებდა. აკაკი წერეთელმაც კი გაყიდა ერთხელ საკუთარი მიწა, თუმცა ილიამ ეს არ აპატია თანამებრძოლს. იგი იმპლიციტური უარყოფითი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თავადმა აკაკი როსტომის ძე წერეთელმა მიწა ანანოვს მიჰყიდა.

წელს ზაფხულში, ზემო იმერეთში ყოფნისას ერთ-ერთ ხეობაში წავაწყდი ადგილობრივ მაცხოვრებელს, ილია დ...ძეს. მან მდინარესთან მისასვლელი შედარებით მოსახერხებელი გზა მიმასწავლა, გამავალი ბუჩქნარებსა და ყანების ღობურებს შორის. საუბრიდან გამოირკვა, რომ ილია 3 ჰექტარ სიმინდის ყანას თავისი ხელით თოხნის, მოსავალსაც თვითონ იღებს და აბინავებს, ყავს 10 მსხვილფეხა პირუტყვი, 14 ღორი, 100 შინაური ფრინველი.

ილია დ...ძეს ერთი მოზრდილი ვაჟი ყოლია. იგი არ მონაწილეობს არც მიწის, არც შინაური ცხოველების და ფრინველების მოვლაში. ძირითადად კომპიუტერული თამაშებით და "ჩატაობითაა" დაკავებული. ალბათ ოცნებობს ქვეყნის დატოვებაზე. მეუღლე უკვე მესამე წელია საბერძნეთშია წასული და აქეთ დაბრუნებაზე არც ფიქრობს.

ზვიად გამსახურდიას შემდეგ არჩევნებში არ წავსულვარო, რადგან არც ერთი ხელისუფლება ხალხისკენ არ არისო, დასძინა. ვიდრე ცოცხალი ვარ, აქაურობას არ მივატოვებო. ჩემს თვალში ეს კაცი რაღაცნაირი გმირია. მას აქვს ანთეოსისებური კავშირი თავის მიწასთან, რაც მას ძალებს აძლევს. მას აქვს პალესტინაში ჩასული პირველი სიონისტებისთვის დამახასიათებელი, სიჯიუტესთან შერწყმული იდეალიზმი. იგი თითქოს მარტოდდარჩენილი მეციხოვნეა, პარტიზანია, რომელიც თავის უბანს ყველა საშუალებით იცავს.

საბაზრო ეკონომიკის აქტორებს მხოლოდ ჰედონიზმი, სიხარბე და წრეგადასული ინდივიდუალიზმი ახასიათებთო, დაწერა სოროსმა წიგნში "გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი". ილიას დ...ძის მსგავსი ადამიანების არსებობა იმედის მომცემია. ემპათიას მოკლებული, ჰედონიზმით და სიხარბით დაპროგრამებული რობოტების არ უნდა იყოს ბურთი და მოედანი არც ბიზნესში, არც სახელმწიფო სექტორში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს