ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს

ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ციხის N12 საავადმყოფოში, ფსიქიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს. მისი ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, მან დაკავებიდან დღემდე, საკანში მხოლოდ ერთი დღე გაატარა.

"შეხედეს, რომ შეურაცხადი იყო და ამიტომ გადაიყვანეს ფსიქიატრიულ განყოფილებაში", - ამბობს პაპიძე.

სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული შეურაცხადია, თუმცა, დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი შეზღუდული შერაცხადი იყო. ანუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, როცა დააკავეს და საპყრობილეში მოხვდა.

ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ნახევრად სიმართლეს უწოდებს. იგი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, 2009 წლიდან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზითაა აღრიცხვაზე აყვანილი. მისივე თქმით, შეუძლებელია, ამ ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანი ნახევრად შეურაცხადი ყოფილიყო. ის როგორც ახლა, დანაშაულის ჩადენისასაც შეურაცხადი იყო.

"როგორ დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ნახევრად შეურაცხადი იყო? როგორ ადგენენ, როდის მისდის და როდის მოსდის გონება?! ეს ხომ აბსურდია. ექსპერტიზა ჩვენც დავნიშნეთ, მაგრამ მითხრეს, რომ სტაციონალური ექსპერტიზის გარეშე ბრალდებულის მდგომარეობას ვერ დაადგენდნენ, ანუ ამბულატორიულად მისი ფსიქიატრიული მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია", - აცხადებს პაპიძე.

თუ პირი შეურაცხადია, იგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მაგრამ შეზღუდული შერაცხადობა ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. შეზღუდული შერაცხადობის შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ უვადო პატიმრობაზე ვერ იმსჯელებს, თორემ ვადიან სასჯელს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას ჩვეულებრივ შეუფარდებენ.

ბრალდებულის ფსიქიატრიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელ პოზიციას გაიზიარებს მოსამართლე, ეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ: ბებიისა და 9 თვის შვილიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა