რა ქონებას ფლობენ ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი - ძვირადღირებული სახლები, მანქანები და საბანკო ანგარიშები

რა ქონებას ფლობენ ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი - ძვირადღირებული სახლები, მანქანები და საბანკო ანგარიშები

სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას და ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის გარშემო უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ჭორები მათი ქონების შესახებ. ამბობდნენ, რომ ერეკლე კოდუას არაერთ კომპანიაში ჰქონდა საკუთარი ბიზნესინტერესები, ცხოვრობდნენ მდიდრულ და ფეშენებელურ სახლში. ამბობდნენ, რომ ერეკლე კოდუას განსაკუთრებით იტაცებდა ავტომობილები და არაერთი ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავდა. Ambebi.ge ერეკლე კოდუას დეკლარაციით დაინტერესდა, რომელიც სოდ-ის მაღალჩინოსანს ბოლოს 2012 წელს აქვს შევსებული.

როგორც ერეკლე კოდუას დეკლარაციიდან ირკვევა, მის საკუთრებაშია რამდენიმე საცხოვრებელი ბინა ქვეყნის ოთხ ქალაქში.

ერეკლე კოდუა ბინას ფლობს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, რომლის ფართიც 44 კვ.მეტრს შეადგენს. ბინა, რომელსაც გუდაურში ფლობს,  102 კვ.მეტრია. საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში, რომლის ფართიც 200 კვ.მეტრია და ორი ბინა ბაკურიანში.

კოდუას დეკლარაციაში ასევე მითითებული აქვს მისი მეუღლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახელზე გაფორმებული სახლი, რომელიც თბილისში რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. სწორედ ამ სახლში ცხოვრობდნენ ნანუკა და ერეკლე.

რაც შეეხება კოდუა-ჟორჟოლიანის წყვილის საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს. 2011 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მათი ოჯახის საკუთრებაში 3 ავტომობილი იყო. ერეკლე კოდუას სახელზე გაფორმებული ავტომობილი 2009 წელს გამოშვებული "TOYOTA HILUX", ხოლო ნანუკას სახელზე გაფორმებული იყო ორი ავტომობილი - "PEUGEOT 207 CC"  და "RANGE ROVER SPORT".

ერეკლე კოდუას დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მან 2011 წელს "LAND ROVER DISCOVERY 3" 60 000 დოლარად გაყიდა, "TOYOTA HILUX" კი 10000 დოლარად შეიძინა. 2012 წლის დეკლარაციაში წერია, რომ ერეკლე კოდუამ გაყიდა 2 ავტომობილი. "TOYOTA HILUX" 9 000 დოლარად და "RANGE ROVER" 125 000 დოლარად, რომელიც 140 000 დოლარად ჰყავდა შეძენილი.

რაც შეეხება ერეკლე კოდუას შემოსავალს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, მას ამ პოზიციაზე მუშაობისას ერთი წლის მანძილზე აღებული აქვს 76 972 ლარი, ხოლო მის მეუღლეს, ნანუკა ჟორჟოლიანს "ნანუკას შოუსთვის" გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ 71 845.63 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება კოდუას საბანკო ანგარიშს, მას რესპუბლიკა ბანკში სახელფასო ანგარიშზე 10 000 ლარი ჰქონდა. მისი მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც ჩანს, "თი ბი სი" ბანკის მომსახურებით სარგებლობდა. მის სახელფასო ანგარიშზე, 2012 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 13 000 ლარი, ანაბარზე 38 793 ლარი, ხოლო თი ბი სი ბანკიდან კრედიტის სახით აღებული ჰქოდა 145 000 დოლარი ირიცხებოდა.

ერეკლე კოდუას დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის ბიზნესით არ იყო დაკავებული. მათ დეკლარაციაში შეტანილი არ არის თბილისში, პრესტიჟული ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანმა გახსნა. ცოტა ხნის წინ ნანუკამ მორიგი საქმე წამოიწყო და ის ინტერნეტ-ტელევიზიის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მარტში პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა. ერეკლე კოდუას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა.

გრაფაში - საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად) ერეკლე კოდუას მითითებული აქვს, რომ მან და ნანუკა ჟორჟოლიანმა შეიძინეს 249 946 ლარის ოდენობის უძრავი ქონება ბაკურიანში.

ერეკლე კოდუა ამჯერად საქართველოში არ ცხოვრობს. ის ევროპაში იმყოფება, სადაც მის სანახავად ნანუკა ჟორჟოლიანი ხშირად ჩადის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია