პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედად

პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედად

ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ეზოში, ტაძრის კარებთან, პატარა შენობა დგას. ამ შენობას, ყოველ მეორე დღეს, 80 ადამიანი აკითხავს - სახლში თითო პური უფასოდ მიაქვთ. მათი ცხოვრებისეული ისტორიები განსხვავებულია, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებთ - უკიდურესი სიღარიბე.

რაინდი გოგოლაძე ოთხმოც წელსაა მიღწეული. ერთი პურისთვის დაახლოებით ორ კილომეტრს ყოველ დღე გადის.

"რა ვქნა, მშია და მიმაქვს. სახლში მძიმე ავადმყოფი მეუღლე მყავს. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომლის 80 პროცენტი წამლის ფულად არ გვყოფნის. ხანდახან, პენსიიდან თუ რამდენიმე თეთრი დაგვრჩა, კარტოფილს, მაკარონს ვყიდულობ. ყველი ან კარაქი რომ ვჭამო, ალბათ, ცუდად გავხდები, მაწყენს", - ცდილობს იუმორით მოგვითხროს თავისი გასაჭირი, თუმცა მოხუცს ცრემლების გარეშე საუბარი მაინც უჭირს.

რაინდი გოგოლაძე და მის მდგომარეობაში მყოფი დაბა ჩოხატაურელი უპოვრები პურის წასაღებად ყოველ მეორე დღეს დადიან და სახლში ორი დღის ნორმით ბრუნდებიან. ნორმა პირობითად, რადგან ერთ ადამიანზე დღეში ერთი პურია განკუთვნილი. ამ ადამიანებს კი სახლში ოჯახის წევრები ელოდებიან - მეუღლეები, შვილები.

80 ადამიანისთვის პურს შემოქმედის ეპარქია ყიდულობს. თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ.

"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მუხლიდან, ეპარქიისთვის ყოველ წელს თანხას გვაძლევს. ხან 25 000 ლარს, ხან - 20 000 ლარს. ამ თანხიდან 80 ადამიანისთვის ყოველდღიურად პურს ვყიდულობთ. ეს თვეში 600 ლარია", - ამბობენ ეპარქიაში.

ეპარქიის ინფორმაციით, პურის მთხოვნელთა რიცხვი გაცილებით დიდია, თუმცა, უსახსრობის გამო, ყველას დაფინანსება ვერ ხერხდება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა