2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები

ტექნიკური პროგრესი გრძელდება და დღითიდღე უფრო ვუახლოვდებით იმ დროს, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ვხედავთ ხოლმე. წარმოგიდგენთ 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვან 5 გამოგონებას, რომელიც ჩვენს მომავალს საგრძნობლად შეცვლის.

ნამდვილი მფრინავი სკეიტბორდი

საკულტო ფილმ ”უკან მომავალში 2” ნაჩვენები მფრინავი სკეიტბორდები ფილმის გამოსვლის დღიდან ყველას ოცნებად იქცა, ვინც ეს სამეცნიერო ფანტასტიკა იხილა. წელს ფირმა ”ჰენდომ” კალიფორნიაში შექმნა რეალური მფრინავი სკეიტის პროტოტიპი.

რასაკვირველია, მას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს. ”ჰენდოს” სკეიტს მხოლოდ სამი სანტიმეტრით შეუძლია ფრენა მიწიდან. ბატარეების ენერგია კი მხოლოდ 15 წუთი ჰყოფნის. თუმცა ტექნოლოგია, რომელიც ამ გამოგონებას უდებს საფუძველს, შესაძლოა, რევოლუციური აღმოჩნდეს. ფირმის დამაარსებლები აპირებენ, განაგრძონ მაგნიტური ფრენის ტექნოლოგიაზე მუშაობა და მისი განვითარება.

ჭკვიანი ინდური კოსმიური ხომალდი

24 სექტემბერს ინდური პლანეტშორისი კოსმოსური სადგური მარსის ორბიტაზე გავიდა. ეს იქცა ერთგვარ ტექნოლოგიურ მიღწევად, რომლის გამეორებაც ვერც ერთმა აზიურმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ამ ხომალდის აგება ინდოეთს 74 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ელექტროენერგიის უსადენო გავრცელება

ჩვენ უკვე გვაქვს უკაბელო ინტერნეტი და უკაბელო ტელეფონები. ტექნოლოგიურ კომპანიაში ”ვაითრისითი”, რომელიც მასაჩუსეცის შტატშია განთავსებული, გამოიყენება სპეციალური დანადგარი, რომელიც მაგნიტურ ველს შეიწოვს და 2,4 მეტრის რადიუსში არსებულ ნებისმიერ აპარატს ტენის. კომპანიის დირექტორის თქმით, ათი წლის შემდეგ დამტენი უკაბელო ტექნოლოგია შეძლებს მაცივრების, მუსიკალური ცენტრების, ტელევიზორების და ა.შ. ენერგიით უზრუნველყოფას.

სამგანზომილებიანი პრინტერი

მანქანა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ობიექტის შექმნა. აპარატი ქმნის ებიექტებს ციფრული მონახაზის მიხედვით, ამისთვის კი იყენებს პლასტმასს და სხვა მასალებს. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რომელიც მომავალში ძალიან ბევრ შესაძლებლობას გააჩენს.

საათი, რომელიც ახალ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვას ”ჭკვიანი”

კომპანია ”ეფლის” საათი არის სრულფასოვანი კომპიუტერი ახალი ინტერფეისით, რომელსაც სენსორული ეკრანი აქვს ფიზიკურ ღილაკებთან ერთად. ამ საათით შესაძლებელია არა მხოლოდ დროის გაგება, არამედ მესიჯების გაგზავნა, ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნება, გადასახადების გადახდა და მრავალი სხვა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს