''მარაო რუსთავი 2-''ზე გადაცემა ''გარდერობის'' მორიგი სტუმარი პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი იქნება. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ ანას არ აქვს ძვირად ღირებული სამოსი, ყურადღებას არ აქცევს მის შესახებ დაწერილ კრიტიკულ სტატიებს და ძალიან უყვარს ტატუები. ანა ამბობს, რომ შვიდი ტატუ აქვს გაკეთებული.
''გარდერობის'' წამყვან ნინა წკრიალაშვილს ანა მარგველაშვილთან სტუმრობის შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- ვფიქრობ, პრეზიდენტის ქალიშვილი ცხოვრობს ისე, როგორც ანას ასაკის გოგონა უნდა ცხოვრობდეს. ზრდილობიანი და ძალიან კარგი გოგონაა. მომწონს მისი ჩაცმის სტილი. ორი საათის განმავლობაში ვიკონტაქტეთ და მის მიმართ დადებითად განვეწყვე. კარგი გაზრდილი და თანამედროვე გოგოა. კარგი იქნება, თუ ანა მარგველაშვილისნაირი ბავშვები მის თაობაში ბევრნი იქნებიან.
- გადაცემაში მიწვევამდე არასდროს შეხვედრიხარ?
- რამდენჯერმე ერთად მოვხვდით პრეზენტაციაზე და თავისი უბრალოებით ყოველთვის მომწონდა.
- ანას გარდერობში ძვირად ღირებულ ბრენდებს ელოდი?
- როდესაც შემთხვევით ვხვდებოდი, ყოველთვის სადად და თავისუფლად იყო ჩაცმული. მეგონა, რომ მის გარდერობში ძვირად ღირებულ სამოსი არ დამხვდებოდა და რასაც ველოდი, ზუსტად ის დამხვდა. არაფერი აქვს ისეთი, რომ ვინმემ თქვას, გადაპრანჭულიაო. მე თუ მკითხავთ, ასეც უნდა ეცვას 21 წლის გოგოს.
- ვინც გადაცემაში სტუმრად გყოლია, ყველა შენი მეგობარია და მათთან სახლში ბევრჯერ ყოფილხარ. ამჯერად პრეზიდენტის ოჯახში თავს დაძაბულად ხომ არ გრძნობდი?
- მერე რა, რომ ანა პრეზიდენტის შვილია. პრეზიდენტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და პრინცებიც. ანასთან სტუმრად ყოფნისას დაძაბული არ ვყოფილვარ. პრეზიდენტი იქნება, ექიმი, მეხანძრე თუ მეწარმე-ლიდერი, თუ ნორმალური ადამიანია, ჩემთვის მისაღები იქნება და თუ ნორმალური არაა, ვინც უნდა იყოს, არ მაინტერესებს.