რამდენიმე თვის წინ ''რეიტინგის'' რუბრიკაში - ფოტოხელოვანი ძალიან საინტერესო ფოტოგრაფი ვახო ქურდიანი გაგაცანით. ახალგაზრდა საქართველოს ყველა კუთხეში მოგზაურობდა და პეიზაჟებს იღებდა. მაშინ გვითხრა, რომ მუშაობდა თავის საოცნებო ფოტოპროექტზე - ''საუკუნის ადამიანები'', სადაც 100 წელს გადაცილებულ მოხუცებს იღებდა. როგორ განვითარდა ფოტოისტორია, ამაზე თავად მოგვითხრობს.
- ეს ფოტოპროექტი მხოლოდ ფოტოსურათებით არ შემოიფარგლება. პირველ რიგში, პირადად მე მაინტერესებს, როგორ მიაღწიეს ადამიანებმა ამ ასაკამდე. რა პრინციპებით ცხოვრობდნენ, რა წესებს იცავდნენ, როგორი სულიერი და ფსიქოლოგიური სირთულეების გადატანა უწევდათ საუკუნის განმავლობაში, რა სტერეოტიპების მატარებლები იყვნენ სინამდვილეში. ასევე ფოტოსურათებთან ერთად მინდა, ხალხს გავუზიარო ამ თითოეული ადამიანის მოკლე ისტორია, რაც საერთო ჯამში, პირამიდისეული ნახაზით ერთ მარტივ ცხოვრებისეულ წესს აჩვენებს და ძალიან ბევრ სტერეოტიპს ანგრევს!
- ყველაზე ხანდაზმული ადამიანი რა ასაკში გადაიღე?
- 124 წლის საილი სადიხოვას საკმაოდ საინტერესო ისტორიაც აქვს, რომელიც მისმა შვილმა მიამბო, რადგან აზერბაიჯანული არ ვიცი. მითხრა, რომ ახალი გათხოვილი იყო, როცა ქმარი ომში წაიყვანეს. ვაჟი შეეძინა, რომლის გაზრდაც დედას მოუხდა, მამა ომიდან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი მეცხვარეობას ეწეოდა და საილიმ გააგრძელა ქმრის დანატოვარი ცხვრის მოვლა, დროთა განმავლობაში ოჯახი ცხვრის წყალობით იზრდებოდა და ძლიერდებოდა. თავიდან ხის სახლში ცხოვრობდნენ, საილი ფულს აგროვებდა სახლის ასაშენებლად, მაგრამ ხანძარმა მიწასთან გაასწორა მისი სახლი და სკივრი, რომელიც თითქმის სავსე ჰქონია ნაგროვები ფულით. ეს ამბავი ძალიან განუცდია, მაგრამ სულიერად არ დაცემულა, ისევ მეცხვარეობით და შრომით შეუგროვებია დიდი ფული და სახლიც აუშენებია, რომელშიც პირადად მე მომიწია მისვლამ მის გადასაღებად. ეს უბრალოდ სახლი არ არის, ეს უზარმაზარი სასახლეა, ოთხსართულიანი. როცა ოჯახი გავიცანი, გავიგე, რომ თითო სართული ოთხი შვილიშვილისთვის უჩუქებია.
გაგრძელება