ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, დოლიძეების სახლს ხანძარი გაუჩნდა და რვასულიანი ოჯახი, სადაც სამი მცირეწლოვანია, ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სულ განადგურდა, დაზარალებულმა ოჯახმა ერთი ნივთის გადარჩენაც ვერ შეძლო.
"3 დეკემბერი იყო, ბათუმში მივდიოდით, ბავშვები და ჩემი მამამთილი, გზაში დაგვირეკეს, ხანძარი გაჩნდაო, როცა დავბრუნდით, ყველაფერი დამწვარი იყო, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. მაცივრის გარდა არაფერი არ გვქონდა ჩართული. სახლში ბებია იყო შესული, ღუმელიც კი არ ენთო, არ ვიცი რატომ ამბობენ საკვამურიდან გაჩნდა ცეცხლიო, ვის აწყობდა ასეთი ჭორის გავრცელება. არავისთვის არ მიგვიმართავს, არც გამოძიება დაწყებულა, როგორც მე ვიცი არავინ არ იძიებს, ალბათ მაგიტომაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო, იქნება შუქის ბრალი იყო? დენი მოვარდა? არაფერი არ ვიცით, იმ დღეს იყო პოლიცია მოსული, მერე არ გამოჩენილან.
ოზურგეთის გამგებელიც ამოვიდა იმ დღეს, ამ ღამეს სადმე თუ გაათევთ, ხვალიდან მოგხედავთო, გვითხრა. ორი დღე მეზობლებთან ვიყავით, მერე სხვა მეზობელმა შეგვიფარა, ახლა კიდევ სხვაგან ვცხოვრობთ, 8 სულიანი ოჯახით, 3 მცირეწლოვანი შვილით, უმცროსი წლის და ოთხი თვის არის ", - ამბობს ოჯახის დიასახლისი რუსუდან ზაქარაძე.
რუსუდან ზაქარაძის თქმით, ოჯახის შემოსავალს მისი, პედაგოგის 140 ლარიანი ხელფასი და 85 წლის მოხუცის პენსია წარმოადგენს.
"თხილს ვინახავდით ზამთრის სარჩოდ, 700 კილო თხილი გვქონდა შენახული, ის სულ დაგვეწვა, ცოტა მანდარინი გადაგვირჩა, რაც ფარეხში გვქონდა, ტანსაცმელი რაც გვეცვა ის დაგვრჩა, ახლა ტანსაცმელს ბავშვებისთვის ახლობლები გვაძლევენ", - ამბობს დიასახლისი.
რუსუდან ზაქარაძე ქალაქ ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადგილზე დაგვიანებით მისვლის შესახებაც საუბრობს.
"მე არ ვიყავი ხანძრის დროს, მაგრამ მეზობლების თქმით, ერთი საათი დააგვიანა ქალაქ ოზურგეთის სახანძრო სამსახურმა მოსვლა. ჯერ სანამ 112 -ს დაუკავშირდნენ, მერე სანამ სახანძრომ გზა მოაგნო, წყალიც არ ჰქონდათ, თურმე, იღვრებოდა გზაში, მწყობრში არ ჰყავთ მანქანები, მერე მეზობელი წავიდა გზაზე შესახვედრად", - აღნიშნა დაზარალებულმა " გურია ნიუსთან" საუბარში.