ვადამდელი 110 მილიონიანი ტენდერი წინასაარჩევნოდ - რა "გამორჩა" გივი თარგამაძეს "საყდრისზე"

ვადამდელი 110 მილიონიანი ტენდერი წინასაარჩევნოდ - რა "გამორჩა" გივი თარგამაძეს "საყდრისზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ საყდრისის თემაზე გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონდარღვევად კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხი დაასახელა.

"2012 წელს გაცემული ლიცენზია არ შეიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. სტატუსის გაუქმების შემდეგ შეიქმნა მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი ძეგლის ტერიტორიაზე მუშაობის ჩატარების უფლება არავის ჰქონდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სრულიად უსასყიდლოდ გაუგრძელა შპს "RMG Gold"-ს მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ლიცენზია გაუგრძელდა 2006 წლამდე პერიოდის პირობებით. ანუ, ლიცენზია ისევ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოცხადებული იყო ისტორიულ ძეგლად.

ამ უკანონო გარიგებების შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს", - განაცხადა თარგამაძემ.

იზარალა თუ არა სახელმწიფომ მილიონობით ლარი და გაუგრძელდა თუ არა კომპანიას ლიცენზია უკანონოდ? როგორ ჩატარდა ტენდერი ლიცენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში და რატომ ჩატარდა ლიცენზიის მოპოვებაზე აუქციონი ლიცენზიის ამოწურვამდე ორი წლით ადრე?

"გურია ნიუსი" გივი თარგამაძის მიერ წამოყენებული ბრალდებებით და სააუქციონე ისტორიით დაინტერესდა.

1. როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, 1994 წელს კომპანია Ltd Trans Georgian Resources-მა, რომლის სამართალმემკვიდრე ახლა "არემჯი გოლდია", სახელმწიფოსგან იყიდა ლიცენზია 20 წლის ვადით. ლიცენზიის ვადა 2014 წლის 7 აპრილს იწურებოდა. ამ პერიოდში, საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის იმ უბანს, რომელზედაც დღეს დავა მიმდინარეობს, კულტურული ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.

2. საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს, კულტურის მინისტრის გიორგი გაბაშვილის ბრძანებით მიენიჭა. შესაბამისად, საყდრისი-ყაჩაღიანის ამ ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყდა.

3. 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, ანუ, 8 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს გადაწყვეტილების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო ნაყიდი ლიცენზიით სრულფასოვნად სარგებლობა.

4. 2012 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის (პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური) N18 განკარგულების საფუძველზე გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობები. აუქციონის საწყის ფასად 110 000 000 ლარი, ლიცენზიის მოქმედების ვადად 27 წელი, ხოლო ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღი 2014 წლის 15 აპრილით განისაზღვრა. აღნიშნული ლიცენზია არ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

საინტერესოა, აუქციონის ჩატარების პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 1994 წელს აღებული ლიცენზიის ვადა 2014 წლის აპრილის დასაწყისში ეწურებოდა, რატომღაც მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ ახალი ლიცენზია კომპანიას მოქმედი ლიცენზიის ამოწურვამდე ორი წლით ადრე უნდა აეღო. აუქციონი 2012 წლის 29 თებერვალს გაიმართა და საწყისი ფასი განისაზღვრა 110 000 000 ლარის ოდენობით.

ჩამონათვალში, მე-3 პირობად ჩაიდო: "აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული თანხა გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის პირველი ივნისისა". აუქციონის ბიჯი განისაზღვრა 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო "ბე" - აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.

საინტერესოდ ემთხვევა აღნიშნული დრო 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს, მაშინ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობდა თანხების აკუმულირებას ბიუჯეტში. თუ როგორ ხდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს, რომელიც ქვეყნდებოდა როგორც მედიის საშუალებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში.

საბოლოო ჯამში, 2012 წლის ივნისში, კომპანიამ 110 500 000 ლარი გადაიხადა იმ ლიცენზიის გაგრძელებაში, რომლის ვადაც მას ამოწურული არ ჰქონდა და რომლითაც კიდევ ორი წელი შეეძლო ესარგებლა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა