ამას წინათ მეგობრის ოჯახში ახალგაზრდა მამაკაცი გავიცანი. საუბრისას ექიმებზე ჩამოვარდა სიტყვა და გავიგე, რომ და საავადმყოფოში ეწვა. მერე კი რატომღაც თავისი ამბავი გულახდილად გვიამბო.
ნოდარი და ალექსანდრე ძმები არიან. ერთი წლის წინ გაიგეს, რომ უფროსი და ჰყავდათ, ირინე. დიდხანს არ უძებნიათ. მალევე მიაგნეს, მაგრამ საავადმყოფოში. უკვე ერთი წელია, ქალი კომაშია. მის შვილებთან ერთად ძმებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი და გამოჯანმრთელდეს. მოლოდინი ძალიან მტკივნეული გახდაო.
ნოდარი: - რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვეშინია, რომ ირინე ვერასოდეს გაგვიცნობს. ნეტავ გონს მოვიდეს. მე და ჩემმა ძმამ ბოდიში უნდა მოვუხადოთ. გვინდა ვუთხრათ, რომ მარტო აღარ არის და ძმები ვყავართ.
ირინეს შესახებ ერთი წლის წინ შევიტყვეთ. ჩვენი მშობლები რაიონში ცხოვრობენ. მე და ჩემი ძმაც სოფელში გავიზარდეთ. მამა სოფელში სანაქებო ადამიანადაა ცნობილი. ერთ საღამოს მამასა და რამდენიმე მეზობელთან ერთად მოვილხინეთ. სტუმრები გავაცილეთ და მამა თავის ოთახში განმარტოვდა. კართან გავიარე და ანაზდად მისი ხმა გავიგე - თავისთვის ლაპარაკობდა. რამდენიმე სიტყვას მოვკარი ყური, როდემდე უნდა ვატარო ეს ტვირთიო. იმ დღეს არაფერი მითქვამს. მეორე დღეს შეპარვით ვკითხე, - მამა, გუშინ რა ტვირთზე ჩიოდი-მეთქი. სახე მიტკლისფერი გაუხდა და - წამო, ეზოში გავიდეთ და დაგელაპარაკებიო. და თავისი დიდი საიდუმლო გამიმხილა.
მამა 17 წლისა ჩამოსულა თბილისში, იმ წელიწადს გამხდარა სტუდენტი. ბინა ერთ ოჯახში უქირავებია. ბინის პატრონის ქალიშვილი მისი ტოლა ყოფილა. ერთმანეთი შეუყვარდათ. ჩუმად ხვდებოდნენ. ერთ დღეს გოგომ შეყვარებულს გაანდო, რომ ფეხმძიმედ იყო. დიასახლისმა ახალგაზრდების ამბავი რომ შეიტყო. გამწარებულმა მდგმური სახლიდან გააგდო. შეშინებულ ბიჭს მშობლებისთვის ეს ამბავი დაუმალავს. მალე გოგონას დედას ბინა გაუყიდია და სხვაგან გადასულა. მამას ბევრი უცდია, მაგრამ მათი ასავალ-დასავლისთვის ვერ მიუკვლევია.