ინტერვიუ ლეილა აჭიშვილთან, რომელსაც სირიაში 2 შვილი დაეღუპა

ინტერვიუ ლეილა აჭიშვილთან, რომელსაც სირიაში 2 შვილი დაეღუპა

პანკისის ხეობაში ეთნიკური ქისტების და ჩეჩნეთიდან ლტოლვილების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, პანკისელი ახალგაზრდების სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრი პანკისის ხეობის მკვიდრს, ანსამბლ "პანკისის" წევრს ლეილა აჭიშვილს ესაუბრა, რომლის ორი შვილი, ხალიდ და ჰამზათ აჭიშვილები 2013 წელს სირიაში დაიღუპნენ.

-ინტეგრაციის მიზნით რა პროგრამებს ახორციელებს სახელმწიფო პანკისის ხეობაში?

- ინტეგრაციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერი კეთდება. მაგალითად, არის ჩამოყალიბებული ანსამბლი "პანკისი" 2002 წლიდან. არის ნატურალური სუფთა ფოლკლორი, საკმაოდ კარგი ბავშვები. არანაირი პირობა არ აქვთ. მუსიკალური განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის ხეობაში, არ არის ქორეოგრაფია. არ არის ხელისუფლება დაინტერესებული იმით, რომ ხეობაში რამე გაკეთდეს. არაფერი კეთდება კულტურის ან სპორტის მიმართულებით.

-ამ პრობლემების გარდა, კიდევ რით არის განპირობებული, რომ ახალგაზრდები ხეობას ტოვებენ?

- ჩვენი ახალგაზრდები ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრებით. არ ეწევიან, არ სვამენ. თავისთვის ვარჯიშობენ. როცა უმუშევრად არის ადამიანი, არ ეწევა, არ სვამს, არიან ნავარჯიშები, მთელი დღის განმავლობაში დგანან ბირჟაზე, არ შეუძლიათ შეინახონ ოჯახები, ამიტომ იყო რომ ერთ კვირაში 200 ადამიანი წავიდა ევროპაში. რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა ადამიანმა, როცა არ არის არანაირი სამუშაო? დასაქმების პრობლემაა პირველ რიგში. ჩვენ გვგონია, რომ ხელისუფლებისგან როგორც ეთნიკური უმცირესობა, გარიყულები ვართ. რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ჩვენ რომ მივიტანოთ ხელისუფლებამდე, ვერანაირ შედეგს ვერ ვიღებთ.

-პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების მიგრაციას რელიგიური ასპექტი არ უწყობს ხელს?

- რელიგია გეუბნება, შენ მამაკაცი ხარ და შენი ოჯახი უნდა შეინახო, შენ ხარ ვალდებული, რომ უზრუნველყო ოჯახი. თავმოყვარეობის საკითხიც არის, მას რომ არ შეუძლია ამ ხეობაში დასაქმდეს და რამე გააკეთოს, ის იძულებულია ადგეს და წავიდეს ევროპაში. ცოტა ხნის წინ ვკითხე ერთ-ერთ ახალგაზრდას, რატომ მიდიხარ, ძალიან გთხოვ დარჩი-მეთქი ხეობაში და იცით რა მითხრა? ძალიან მრცხვენია ჩემი შვილების, საშუალება არ მაქვს, რომ ტანსაცმელი ვუყიდოო.

- თქვენს შვილებს ხომ ჰქონდათ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება, ბოლო რამდენიმე წელი ევროპაში ცხოვრობდნენ, უცხო ენებს ფლობდნენ, იქაც ვერ შეძლეს თავისი უნარების რეალიზაცია, ვერ დასაქმდნენ, თავი ვერ დაიმკვიდრეს? რამ უბიძგათ რომ სირიაში წასულიყვნენ?

- არ მეგონა ჩემი შვილები თუ ოდესმე ამაზე წავიდოდნენ, მაგრამ მათ იმდენი რამ ნახეს ჩეჩნეთის ომის დროს... იქ დაბადებულები არიან, ბავშვობიდან აქვთ ნანახი, მოსმენილი... მარტო ჩემს შვილებზე არა, ჩეჩნებზე მაქვს საუბარი. იმდენად შეურაცხყოფილები არიან ისინი მტრისგან, როცა იზრდებიან, სადღაც მაინც ავლენენ ბოღმას, ღვარძლს მტრის მიმართ. არ დამავიწყდება არასოდეს, როცა სცენაზე ვმღეროდი, მაშინ 13 წლის იყო ჩემი უფროსი შვილი და მითხრა, დედა, რა გამღერებს, რუსები ჩვენს ხალხს ხოცავენ და შენ რატომ მღერიო. მიაჩნიათ, რომ სადღაც უნდა გაუმკლავდნენ ისინი ამ ყველაფერს და სადღაც უნდა დახოცონ მტერი.

სირიას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს უფრო რელიგიური მიმართულება იყო.

- როგორ მოხვდნენ იქ თქვენი შვილები და ბოლოს როდის გქონდათ ურთიერთობა?

- 2013 წელს წასულან. მე არ ვიცოდი ეს. ისინი აქ, პანკისის ხეობაში აღარ ცხოვრობდნენ. ავსტრიაში იყვნენ, იქ დაოჯახდნენ, ორივეს სამ-სამი შვილი დარჩა.

- როდის გაიგეთ, რომ თქვენი შვილები სირიაში იბრძოდნენ?

- გვიან გავიგე. უფროსმა შვილმა მომამზადა. სადაც ჩემს ძმებს და დებს ხოცავენ, მეც იქ უნდა ვიყო, ჩემი მოვალეობა ის არის, რომ მტერს ვებრძოლოო. ძალიან მიჭირს და მიმძიმს ამაზე ლაპარაკი. ამაზე უფრო იმიტომ ამოვიღე ხმა და ვილაპარაკე, რომ ყურადღება გაემახვილებინათ სხვა დედებსაც, რომ ასე არ გამწარებულიყვნენ. განვიცდი ხოლმე, როცა დაიღუპება თვრამეტი ან თექვსმეტი წლის შვილი. ბევრნი მიდიან სირიაში...

- როგორც ვიცი, თქვენი შვილები ავსტრიაში თავად გაგზავნეთ მამასთან. რატომ?

- დიახ, ასე იყო. 15 წლის იყო უფროსი, 13 წლის უმცროსი. ბავშვებს ყოველთვის აქვთ ასეთი რამ, ჩვენ უკვე გავიზარდეთ და ჩვენ უნდა ვიყოთ მამასთან. ეს ჩეჩნების სურვილია, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ მამასთან. მათი სურვილიც იყო. ბავშვები რომ იკარგებოდნენ და დროულად არ მოდიოდნენ სახლში, ვეძებდი ხოლმე. მეუბნებოდნენ, ჩვენ პატარები აღარ ვართ, რელიგიის მიხედვით, 15 წლის უკვე სრულწლოვანია, ბრძოლის უფლებაც კი მაქვს, მით უმეტეს, თუ თავის დროზე არ დავბრუნდი სახლშიო. კარგად გვახსოვს ის წლები, აქ რაც ხდებოდა. გარკვეული მისწრაფებები უკვე ჰქონდათ ვაჰაბიზმისკენ. ამ დროს მე დამიკავშირდა მათი მამა და მითხრა, რომ ბავშვები წასულიყვნენ მასთან. მე დაველაპარაკე ბავშვებს და გადავწყვიტე, რომ ისინი გამეგზავნა იქ. ვფიქრობდი, უფრო თანამედროვე აზროვნება ექნებოდათ, მიიღებდნენ განათლებას, იქნებოდნენ დამოუკიდებლები, მაგრამ ბოლოს მაინც ასე მოხდა.

-თარხან ბათირაშვილის მოწოდება რა გავლენას ახდენს აქაურ ახალგაზრდებზე?

- ჩემს შვილებზე ვერავინ გავლენას ვერ მოახდენდა. ისინი ჩამოყალიბებული პიროვნებები იყვნენ, 25-27 წლის ასაკში ძნელია ადამიანს ტვინი გადაუბრუნო. 17-18 წლის ბიჭს რომ ელაპარაკო, შეიძლება მართლა რაღაცით დაინტერესდეს.

- როგორ მოხვდით სირიაში?

- ჩემს შვილს სკაიპით დავუკავშირდი და ვთხოვე, ძალიან მინდოდა მისი ნახვა. ვიცოდი, მოჯაჰედს უფლება ჰქონდა დედა წაეყვანა. ერთადერთი ეს უფლება ჰქონდა და მე მინდოდა ეს უფლება გამომეყენებინა. იქნებ როგორმე დაველაპარაკო, როგორმე ვთხოვო, რომ უკან დაბრუნდეს მეთქი. ძალიან რთული იყო ამხელა გზაზე იქ წასვლა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმედიც კი არ მქონდა, ღამის პირველ საათზე დამიკავშირდა. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ სანამ კავშირია ჩვენს შორის, მინდა გთხოვო, რომ იქ წამიყვანო- მეთქი და ნება დამრთო. ის უაღრესად მოსიყვარულე შვილი იყო, ძალიან ვუყვარდი. ის იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც მიხვდა ჩემს გრძნობას და უარი არ მითხრა წასვლაზე. მეც არ დავაყოვნე და ერთ კვირაში რაც კი მას უნდოდა, სოფლიდან რაც კი მას ენატრებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი წავიღე და წავედი. მითითებული იყო ყველა ის გზა, ყველა ის წერტილი, ვინ სად დამხვდებოდა, როგორ გადამიყვანდნენ. მეოთხე დღეს ჩავედი იქ და ვნახე ჩემი შვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა