პანკისის ხეობაში პირველი კლასიდან ბავშვებს უკვე ჰიჯაბი ახურავთ - ინტერვიუ პედაგოგთან

პანკისის ხეობაში პირველი კლასიდან ბავშვებს უკვე ჰიჯაბი ახურავთ - ინტერვიუ პედაგოგთან

პანკისის ხეობაში ეთნიკური ქისტების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია ბექაური კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრობს.

"ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც პანკისის ხეობაში ხელს უშლის ეთნიკური ქისტების ინტეგრაციას, ეს არის ვაჰაბიზმი. მე არ ვიცი ვაჰაბიტები რას ქადაგებენ, მე ვიცი რამდენად ამუხრუჭებს ეს ყველაფერი სკოლაში ბავშვების განვითარებას. მაგალითად, მათ ეკრძალებათ გარკვეული საგნების, ცხოველების, ფრინველების, ადამიანების ხატვა. როგორც ისინი ამბობენ, ცეკვაც არ შეიძლება.

სკოლაში ღონისძიებებზე ხელი გვეშლება. მაგალითად, საახალწლოდ ასეთი ბავშვები, რომლებიც ისეთი ძმების დები არიან ან ისეთი მამის შვილები, ვინც ვაჰაბიზმს მისდევს, ჩავთვალოთ რომ არ არსებობენ ამ ღონისძიებებისთვის. რომ ჰკითხო, არავინ არავის არ აიძულებს. არცერთი ბავშვი არ იტყვის იმას, რომ მე მაიძულებენ ან მავალებენ. საკუთარი ნებით ვაკეთებთო, მაგრამ მე ყოველდღიურად მაქვს ამ ბავშვებთან შეხება. უნდათ იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და არაფერს ამბობენ. აინტერესებთ, მაგრამ ვერ ჩაერთვებიან, მე ამას ვატყობ", - ამბობს პედაგოგი.

- რამ გამოიწვია ხეობაში ვაჰაბიზმის მომძლავრება?

- რამდენიმე წლის წინ, როცა შემოვიდნენ ლტოლვილები ჩეჩნეთიდან, ამათ მოჰყვა, აქ დახვდათ თუ რაღაცნაირად აღმოცენდა, განვითარდა. იმ პერიოდში რამდენიმე წელი იყო დაცემის, გაუნათლებლობის, სიბნელის, პირდაპირი მნიშვნელობით უშუქობის ხანა, სადაც არც სწავლობდნენ. ამ ნიადაგზე ძალიან ადვილად აღმოცენდა მიმართულება, როგორიც არის ვაჰაბიზმი, ძალიან გაიდგა ფესვები და გავრცელდა. განგაში უნდა იყოს, ზარებს უნდა ვრეკავდეთ, მაგრამ არ ვიცით, რა გზით.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ეთნიკური ქისტების სირიაში გადინება რომ შეწყდეს და აქ დამაგრდნენ?

- ბევრი კი მიფიქრია, ვიტყოდი რომ დაასაქმოს ახალგაზრდობა, მაგრამ მთელ საქართველოში არ არიან დასაქმებულები. მაინცდამაინც პანკისში რომ აიღოს და დაასაქმოს, ან რანაირად მოახერხოს ეს, არ ვიცი. მაინც მგონია, რომ განათლების დონე უნდა იყოს მაღალი.

მაგალითად, სკოლაში თუ ისწავლება ისეთი საგანი, როგორიც არის სპორტი, ასეთი ფორმა, რაც ბავშვებს აცვიათ, სრულიად გამოუსადეგარია. ჰიჯაბი და გრძელი კაბა - ასეთი ფორმით წარმოიდგინეთ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბავშვები. არცერთ ბავშვს ფიზკულტურაზე ფიზკულტურის ფორმა არ აცვია. ცოტა მსუბუქად, რომ ან გადახტეს, ან გაიქცეს, ან ვიღაცას შეეჯიბროს, ან ბურთი აიღოს. მოხვეული თავსაფრებით, გრძელი კაბებით, ფეხი ფეხზე ეხლართებათ... როგორ ფიქრობთ, რანაირი სწავლებაა ეს სპორტის?

-რომელი კლასიდან დადიან ბავშვები სკოლებში ჰიჯაბით?

- პირველი კლასიდან შიგადაშიგ ბავშვებს უკვე ახურავთ, რადგან ალბათ მშობლები ჰყავთ ამ მიმართულების. მშობლებსაც აცვიათ ასე. ბავშვები, რომლებიც ჰიჯაბით დადიან, სწავლის ინტერესს საერთოდ კარგავენ. როგორც ონკანი გადაკეტო, ასე იკეტებიან. ბავშვები, რომლებიც მოდიოდნენ მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასამდე ნორმალური, მაღალი ნიშნებით, ამ დროს, როცა მოდიან ასე ჩაცმულები მათ სწავლის ინტერესი აღარ აქვთ. მერე უკვე იცხრილებიან სკოლიდან. წარმოიდგინეთ მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასში წყვეტენ სწავლას. არ ამბობენ, რომ სწავლა აღარ უნდათ, არ მოდიან სკოლაში და სკოლაც მოსწავლის სტატუსს უუქმებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა